გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია უკრაინის ტერიტორიული
მთლიანობის შესახებ, რომლის დაბლოკვას რუსეთი ცდილობდა, - ინფორმაციას
უკრაინული მედია უმაღლესი რადას ადამიანის უფლებათა კომისარზე, დმიტრი
ლუბინეცზე დაყრდნობით ავრცელებს.
"მივესალმები გაერო-ს გენერალური ასამბლეის მე-11 საგანგებო სესიის
კენჭისყრის შედეგებს უკრაინასთან დაკავშირებით. კენჭისყრა დასრულდა
უკრაინისა და მსოფლიო დემოკრატიის სასარგებლოდ. რეზოლუციის პროექტს -
"უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა: გაერო-ს ქარტიის პრინციპების დაცვა"
- მხარი დაუჭირეს დელეგატებმა, მიუხედავად რუსეთის მცდელობისა,
დაებლოკა ეს პროცესი“, - განაცხადა უკრაინის
ომბუდსმენმა.
რეზოლუციას, რომელიც რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიების ანექსიის
მცდელობას გმობს, 143-მა ქვეყანამ დაუჭირა მხარი. მის წინააღმდეგ ხმა,
რუსეთთან ერთად, მხოლოდ ოთხმა ქვეყანამ მისცა : სირიამ, ნიკარაგუამ,
ჩრდილოეთ კორეამ და ბელარუსმა. კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი
35-მა ქვეყანამ, მათ შორის ჩინეთმა, შეიკავა.
შეგახსენებთ, 23-27 სექტემბერს უკრაინის ოთხი ოლქის ოკუპირებულ
ტერიტორიაზე რუსეთთან შეერთების საკითხზე ფსევდორეფერენდუმები
გაიმართა. 30 სექტემბერს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, ე.წ.
„რეფერენდუმების“ შედეგებზე დაყრდნობით, უკრაინის ოთხი ოლქის ანექსია
გამოაცხადა.