ვინ რამდენი დახარჯა რეკლამაში META-ს პლატფორმებზე - ISFED
ფეისბუქისა და ინსტაგრამის პლატფორმებზე საქართველოში მყოფი მომხმარებლებისთვის სოციალური/პოლიტიკური რეკლამების რაოდენობა და დანახარჯები არასამთავრობო ორგანიზაცია "სამართლიანმა არჩევნებმა" გამოიკვლია.

ორგანიზაციის დათვლით, 2023 წლის ოქტომბრიდან 29 დეკემბრის ჩათვლით გამოქვეყნებული რეკლამების ჯამური ღირებულება 279 441 აშშ დოლარია.

გამოკვლეულ პერიოდში, რეკლამებზე დახარჯული თანხის ოდენობით, პირველ ადგილზეა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ოფიციალური ფეისბუქგვერდი. ISFED-ის მიერ "მეტადან" მიღებული მონაცემებით, ამ უწყებამ 2023 წლის ბოლო სამ თვეში პოლიტიკურ-სოციალური რეკლამებისთვის 28 864 აშშ დოლარი დახარჯა.

როგორც ISFED აღწერს, სამინისტროს საქმიანობის ამსახველ პოსტებთან ერთად, გვერდზე მნიშვნელოვანი ადგილი დაეთმო კამპანიას „ქართული ენა გვაერთიანებს“. მოცემული კამპანია მიზნად ისახავდა არაქართულენოვან მოსახლეობაში სახელმწიფო ენის შესწავლის პოპულარიზაციასა და ამ მხრივ არსებულ შესაძლებლობებზე ცნობიერების ამაღლებას:

"რეკლამების ნაწილი გამოქვეყნებული იყო ეთნიკური უმცირესობების ენებზე და სამიზნე აუდიტორიას წარმოადგენდნენ „მეტას“ ახალგაზრდა მომხმარებლები შესაბამისი ეთნიკური ჯგუფით კომპაქტურად დასახლებული რეგიონებიდან".

ორგანიზაციის ანგარიშს გამოეხმაურა თავად შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის სახელმწიფო მინისტრის უწყებაც. მათი თქმით, თავად აპარატის, მათ შორის, სახელმწიფო მინისტრის მიერ, 2023 წლის პირველი ოქტომბრიდან 29 დეკემბრის პერიოდში გაწეულ საქმიანობაზე „მეტას“ პლატფორმაზე 736 აშშ დოლარი დაიხარჯა.

რაც შეეხება ISFED-ის კვლევაში ასახული თანხიდან დანარჩენ თანხას, სამინისტრო განმარტავს, რომ 28 128 აშშ დოლარი ქართული ენის პოპულარიზაციისა და შესწავლის შესაძლებლობების შესახებ კამპანიის „ქართული ენა გვაერთიანებს“ რეკლამირებაში დაიხარჯა.

2023 წლის ბოლო სამი თვის მონაცემები "მეტას ბიბლიოთეკაში" ამჟამად ხელმისაწვდომი აღარ არის. პლატფორმიდან მხოლოდ ბოლო 90 დღის ინფორმაციის ჩამოტვირთვაა შესაძლებელი.
ISFED-ის დათვლით, რეკლამების დანახარჯების მიხედვით, მეორე ადგილზეა ქართული ოცნების ფეისბუქგვერდი. ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ მმართველი პარტიის სარეკლამო დანახარჯი ოქტომბერ-დეკემბერში 18 878 აშშ დოლარს შეადგენდა.

"მმართველი პარტიის ფეისბუქგვერდზე რეკლამების უმეტესობა ირაკლი კობახიძის განცხადებებს, ბრიფინგებს, ვიზიტებსა და შეხვედრებს მიეძღვნა. პოლიტიკური გაერთიანება ფეისბუქზე, ასევე, ასპონსორებდა საინფორმაციო ბარათებს საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებული ან დაგეგმილი პროექტების შესახებ".


სარეკლამო დანახარჯების მიხედვით, ISFED-ის მიერ შედგენილ სიაში ლიდერობს ყოფილი პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის ფეისბუქგვერდიც. ორგანიზაციის ანგარიშის თანახმად, გასული წლის ბოლო 3 თვეში ღარიბაშვილის ფეისბუქგვერდის რეკლამებზე 17 044 აშშ დოლარი დაიხარჯა:

"ირაკლი ღარიბაშვილის ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე, ძირითადად, დასპონსორებული იქნა პირდაპირი ვიდეოჩართვები, რომლებიც შეეხებოდა პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ყოფნისას გამართულ ორმხრივ შეხვედრებს, მთავრობის სხდომებს, ბრიფინგებს, კონფერენციებზე სიტყვით გამოსვლებს, პანელურ დისკუსიაში მონაწილეობასა და სხვა აქტივობებს".

ორგანიზაციის მიმოხილვაში მოხვდა, ასევე პარტია "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის, გიორგი ვაშაძის ოფიციალური გვერდიც. მათი დათვლით, წინა კვარტალთან შედარებით, 2.5-ჯერ არის გაზრდილი ვაშაძის გვერდის სარეკლამო დანახარჯები. ISFED წერს, რომ 2023 წლის ბოლო კვარტალში იგი 15 187 აშშ დოლარს შეადგენდა:

"ვაშაძის ფეისბუქგვერდზე განთავსებული რეკლამების უმრავლესობა პოლიტიკოსის მიერ რეგიონებში გამართული შეხვედრების შესახებ პოსტებს მიეძღვნა. ასევე, დასპონსორებული იქნა მისი საპარლამენტო გამოსვლებისა და ტელემედიაში ჩართვის ვიდეოფრაგმენტები".

ISFED, ასევე წერს, რომ „მეტას“ ბიბლიოთეკაში მოცემული რეკლამების რაოდენობის მიხედვით, მონიტორინგის პერიოდში დასპონსორებულ პოსტებს ყველაზე აქტიურად ვატო შაქარიშვილის მიერ დაფუძნებული მოძრაობის „საქართველო უპირველეს ყოვლისა“ ფეისბუქგვერდი - Georgia First NEWS აქვეყნებდა:

"დარეკლამებული მასალები, ძირითადად, ანტიდასავლურ, ირიბად პრორუსულ, უკრაინის საწინააღმდეგო, ანტილიბერალურ და ჰომოფობიურ ნარატივებს შეიცავდა. რეკლამებში წარმოჩენილი იყო რუსეთისადმი დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციების არაეფექტურობა, რუსეთის ეკონომიკური მდგრადობა, ომში უკრაინის მარცხის ფაქტობრივი გარდაუვალობა, აშშ-სა და ევროკავშირის სახელმწიფოებში გენდერული და სექსუალური იდენტობის თავსმოხვევა და სხვა...".

ორგანიზაციამ, ასევე დაითვალა პოლიტიკური პარტიებისა და მათი წარმომადგენლების სარეკლამო დანახარჯები „მეტას“ პლატფორმებზე. მათი ინფორმაციით, მმართველმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“ და მისმა წარმომადგენლებმა რეკლამებში უფრო მეტი თანხა [49 743-დან 50 832 აშშ დოლარამდე] დახარჯეს, ვიდრე ყველა სხვა პარტიამ და მათმა წარმომადგენლებმა ერთად აღებული [41 320-დან 43 696-მდე აშშ დოლარი].

გარდა ამისა, ISFED წერს, რომ ქართულ მედისაშუალებებს შორის „მეტას“ რეკლამებისთვის ყველაზე მეტი თანხა ტელეკომპანიებმა „იმედმა“ და „პოს ტვ“-მ დახარჯეს. მათივე დათვლით, ამ ორი ტელევიზიის მიერ დახარჯული თანხა ყველა სხვა ქართული მედიასაშუალების ფეისბუქისა და ინსტაგრამის რეკლამების ჯამურ ღირებულებას აღემატება.

წყარო: radiotavisupleba.ge

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები