“ქალთა ოთახი” მარნეულში: გადაწყვეტილების მიღების პროცესში ქალთა მონაწილეობა გაიზარდა

უკვე მესამე წელია, რაც მარნეულში “ქალთა ოთახი” ფუნქციონირებს. “ქალთა ოთახი” მუნიციპალური სერვისია, რომლის მთავარი მიზანიც თვითმმართველობის დონეზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში ქალთა მონაწილეობის წახალისებაა .

„ქალთა ოთახის“ სამსახურის მენეჯერი რიმა ოთარაშვილი ამბობს, რომ ეს სერვისი რეგიონში მცხოვრებ ქალებს ღონისძიებებისა და შეხვედრებისთვის კარგ პლატფორმას სთავაზობს, გარდა ამისა, მხარს უჭერს მათ ინიციატივებს და ეხმარება, რომ თვითმმართველობის საქმიანობაში უფრო აქტიურად ჩაერთონ: „ვეხმარებით სოფლად მცხოვრებ ქალებს. ვასწავლით როგორ დაწერონ პროექტები. ძალიან კარგი შედეგები გვაქვს. უკვე 30 ქალის პროექტი დაფინანსდა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში ქალთა მონაწილეობა გაიზარდა. გარდა ამისა, ვუტარებთ ტრენინგებს, სადაც ვაწვდით ინფორმაციას ქალთა მიმართ ძალადობაზე და ადრეული ქორწინების უარყოფითი შედეგების შესახებ. ტრენინგებს ბევრ საჭირო თემაზე ვატარებთ. მათ შორის სოფლის მეურნეობის საკითხებზეც. ვცდილობთ, ყველა პრობლემა მოვიცვათ. გვაქვს იურიდიული დახმარების სერვისი და უფასო სამედიცინო კონსულტაციებსაც ვატარებთ.”

“ქალთა ოთახებში” ვიზიტორებს შეუძლიათ კომპიუტერით, ინტერნეტით, საბავშვო კუთხით, სხვადასხვა შეხვედრის მოსაწყობად საჭირო სივრცით, ბიბლიოთეკით და სხვა მომსახურებით ისარგებლონ.

სოფელ სადახლოს მცხოვრები, 60 წლის ლალე ჯალილოვა, რომელიც ქართული ენის მასწავლებელია, ამბობს, რომ საკუთარ სოფელში გარკვეული პრობლემების მოგვარებაში სწორედ „ქალთა ოთახი“ ეხმარება: “სოფელში, სადაც 15 000 ადამიანი ცხოვრობს, სარწყავი წყალი არა გვაქვს. ამის გამო მოსავალი გვიხმება და იძულებულები ვართ, ბოსტნეული და მწვანილი ბაზარში ვიყიდოთ. ახლა ვწერ წერილს, რომელიც მელიორაციის სამსახურს უნდა გავუგზავნოთ.”

56 წლის ნარგიზ მამადოვამ კი „ქალთა ოთახში“ ჩატარებული ტრენინგის ფარგლებში პროექტი დაწერა, რომელიც დაუფინანსეს და რომლის ფარგლებშიც სოფელ აღმამედლოში “ქალთა კლუბი” დაარსა. ნარგიზი ამბობს, რომ ქალთა კლუბის შექმნა მისი დიდი ხნის ოცნება იყო: „დარწმუნებული ვიყავი, რომ ასეთი კლუბი სოფლის და ქალების განვითარებაში ძალიან დაგვეხმარებოდა. ჩვენს ქალებს ოჯახში ბევრი პრობლემა აქვთ. ბევრი იურიდიული პრობლემაა, რომელიც არ იციან, როგორ მოაგვარონ. გარდა ამისა, ისინი მთელ დღეს სახლში ატარებდნენ, რადგან წასასვლელი არსად ჰქონდათ. ახლა არსებობს სივრცე, სადაც მათ დროის შინაარსიანად გატარება შეუძლიათ.“

თუმცა, ამავე დროს ისეთი ქალებიც არიან, რომელთაც “ქალთა ოთახის” არსებობის შესახებ ინფორმაცია არ აქვთ. „მეუღლემ მიმატოვა და ჩემს უკითხავად სახლი გაყიდა. ახლა მშობლების სახლში ვცხოვრობ. ჩემს ქალიშვილს კი ქმარი სცემს. ძალიან გვიჭირს, მაგრამ სხვა გზა რომ არ გვქონდა, იურისტი დავიქირავეთ. ამ სამსახურის შესახებ ინფორმაცია რომ მქონოდა, დახმარებისთვის მათ მივმართავდი. “ქალთა ოთახი” რომ არსებობს, ეს ყველა ქალმა უნდა იცოდეს,” - ამბობს ჩვენთან საუბარში მარნეულში მცხოვრები გუნარა ბაირამოვა.

“ქალთა ოთახი” მუნიციპალური სერვისია, რომელიც შვეიცარიის მთავრობის ფინანსური დახმარებით და საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერით შეიქმნა. ამჟამად საქართველოში 24 “ქალთა ოთახი” ფუნქციონირებს.


ნურანა მამმადი

სტატია მომზადებულია "თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის" პროექტის ფარგლებში, რომელიც საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოსა და ფონდის - "ეროვნული წვლილი დემოკრატიისათვის" ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. ავტორის/ავტორების მიერ სტატიაში გამოთქმული მოსაზრება, შესაძლოა, არ გამოხატავდეს დონორთა და თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის პოზიციას.



Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები