მირზოევი და გაჯიევი ჯავახეთელ კოლეგებს ძეგლის გახსნაზე განმარტებას მომავალ კვირას მოსთხოვენ
მარნეულის მაჟორიტარი დეპუტატი რუსლან გაჯიევი და გარდაბნის მაჟორიტარი დეპუტატი სავალან მირზოევი 20 იანვარს ახალქალაქის ერთ-ერთ სოფელში ყარაბაღის ომის მონაწილის ბიუსტის საკითხს ეხმაურებიან.

რუსლან გაჯიევის თქმით, ძეგლის გახსნა ახალქალაქის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლების მხრიდან ძალიან ცუდი ფაქტია, რადგან მიხეილ ავაქიანი, რომლის ბიუსტიც სოფელ ბუღაშენში დადგეს, სეპარატისტების მხარეს იბრძოდა.

„ვთვლი, რომ ეს ძალიან ცუდი ფაქტია, რადგან ვფიქრობ, რომ ქართული მხარე იჭერს ძალიან კარგ,სტრატეგიულ ურთიერთობებს აზერბაიჯანთან და ეს ქვეყანა ძალიან ახლო და მეგობარი ქვეყანაა ჩვენთვის. სწორედ ამიტომ ვთვლი, რომ ადგილობრივ თვითმმართველობას ასეთი ნაბიჯები არ უნდა გადაედგა.“ - ამბობს რუსლან გაჯიევი

მიუხედავად იმისა, რომ ბიუსტის გახსნას ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად პარლაენტარები ენზელ მკოიანი და სამველ მანუკიანიც ესწრებოდნენ, გაჯიევი ამბობს, რომ საქართველოს მთავრობის, პარლამენტისა და მმართველი პარტიის პოზიცია მათგან განსხვავებულია.

„შესაძლოა ეს დეპუტატების პირადი მოსაზრებაა, არ ვიცი, არ შემიძლია ვთქვა, მაგრამ მე ზუსტად ვიცი, რომ იქ ძეგლის დადგმას პირადად არასწორად ვთვლი. ეს ზიანს აყენებს საქართველო-აზერბაიჯანის ურთიერთობას.“ - გვითხრა რუსლან გაჯიევმა

გაჯიევის მსგავსად ახალქალაქში ყარაბახის ომში დაღუპული პირის ბიუსტის დადგმას გმობს სავალან მირზოევიც და ამბობს, რომ ამ ფაქტის სახელმწიფო პოზიციად აღქმა არ შეიძლება.

„არ შეიძლება, რომ ეს აღვიქვათ, როგორც ჩვენი მთავრობის პოზიცია, სახელისუფლებო გუნდის პოზიცია, იმიტომ, რომ საქარველოს მთავრობა ყოველთვის მხარს უჭერს აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობას.“ - ამბობს სავალან მირზოევი

დეპუტატები თავიანთ კოლეგებთანაც აპირებენ შეხვედრას და მათგან განმარტებების მიღებას. მირზოევი ამბობს, რომ ენზელ მკოიანთან და სამველ მანუკიანთან შეხვედრას ორშაბათს ან სამშაბბათს გეგმავს.

რადიო „მარნეული“


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები