მარნეულის ალგეთის N1 საჯარო სკოლაში გაკვეთილები გაცდება
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ალგეთის N1 საჯარო სკოლაში დღეს გაკვეთილები არ ჩატარდება. ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში პედაგოგმა გაავრცელა, რომელსაც ამავე საგანმანათლებლო დაწესებულებაში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. ალგეთის სკოლა სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო მეორე ცვლაში, სოფელ თაზაქენდში სწავლობს. სწორედ მეორე ცვლის ყველა გაკვეთილი გაცდება 29 აპრილს.

"მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ალგეთის პირველ საჯარო სკოლაში (სადაც ვასწავლიდი და ბევრი დამიწერია ჩემს
საყვარელ სკოლაზე), სკოლის შენობის რეაბილიტაციას გამო, სწავლა თაზაკენდის სკოლის შენობაში მეორე ცვლაში არის წელს. დღეს სკოლაში გაკვეთილები არ ჩატარდება.
ვისაც გჯერათ, რომ მასწავლებლებმა რუსული კანონის გამო ბავშვების სახლში დატოვება განიზრახეს და საკუთარი ნებით ჩამოდიან, გაგატარებთ, პირდაპირ რუსეთისკენ, აირზენაა ეგერ ჩამომდგარი!"
- წერს ნიინო ჭანკვეტაძე სოციალურ ქსელში


რადიო "მარნეული" ინფორმაციის დასაზუსტებლად ალგეთის N1 საჯარო სკოლის დირექტორს ომარ მუსაევს დაუკავშირდა და ჰკითხა, ხომ არ უკავშირდებოდა მოსწავლეების საგაკვეთილო პროცესიდან მოხსნა დღეს თბილისში "ქართული ოცნების" მიერ დაგეგმილ აქციას, სადაც პედაგოგები მიჰყავთ. ომაროვმა დაადასტურა, რომ ალგეთის N1 სკოლაში გაკვეთილები ნამდვილად არ ჩატარდება. მიზეზად ტრანსპორტის არარსებობას ასახელებს.

" მარშრუტკები არ არის, ამიტომ სხვა დღეს ავანაზღაურებთ გაცდენილ გაკვეთილს. იცით, რომ ჩვენს ბავშვებს ტრანსპორტი ემსახურებათ სკოლამდე. ჩვენ დროებით სხვა სკოლაში ვსწავლობთ და ტრანსპორტს დავყავართ იქამდე. სხვა ტრანსპორტი არ გვყავს და ამიტომ ერთ-ერთ შაბათს აღვადგენთ გაკვეთილს. მარშუტკები რატომღაც დაკავებულები არიან და რომ არ არიან ასეთი გადაწყვეტილება მივიღე, რომ სხვა დღეს ჩავატაროთ გაკვეთილები." - გვითხრა ომარ მუსაევმა

კითხვაზე აპირებს თუ არა თავად აქციაზე წასვლას, გვპასუხობს, რომ - არ იცის

"არ ვიცი წავალ თუ არა, მაგრამ არიან მსურველები ვინც წავლენ" - თქვა ომარ მუსაევმა


მარნეულის სკოლების უმრავლესობას შპს "ექსპრეს ტურისტის" მარშუტკები ემსახურება. კომპანია წლებია მარნეულის მუნიციპალიტეტში მუშაობს. 2012 წლიდან დღემდე კომპანიამ მერიის მიერ გამოცხადებულ 19 ტენდერში გაიმარჯვა და საერთო ჯამში სატრანსპორტო მომსახურეობისათვის 637 896 ლარი აიღო - აქედან 160 802 ლარის ღირებულების 3 ტენდერში კომპანიამ 2023 წელს გაიმარჯვა. ამავე კომპანიის ხელმძღვანელი, რომელსაც ვკითხეთ, თუ რატომ ცდებოდა გაკვეთილები ალგეთის სკოლაში და სად იყო მისი ტრანსპორტი, იური სამხარაძე კითხვამ გააღიზიანა, ტყუილი ინფორმაციის გავრცელებაში დაგვდო ბრალი და მობილური გაგვითიშა.

„ქართულმა ოცნებამ“ 29 აპრილს პარლამენტთან რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის კონტრაქცია დაანონსა. კონტრაქციაზე წასვლას აიძულებენ მარნეულის ბაგა-ბაღებში დასაქმებულებს, რასათან დაკავშირებითაც რადიო „მარნეულს“ ინფორმაცია არაერთმა აღმზრდელმა მიაწოდა.


„ქართული ოცნება“ კიდე ერთხელ აპირებს რუსული კანონის მიღებას, რომელიც 2023 წლის მარტში მასობრივი პროტესტის შედეგად უკან გაიწვიეს. „ქართულმა ოცნებამ“ გასულ წელს დადო პირობა, რომ რუსულ კანონს აღარ დაუბრუნდებოდნენ, მაგრამ პირობა დაარღვია. ქართულმა ოცნებამ კანონპროექტის პირვანდელი ფორმულირებიდან მხოლოდ სიტყვა "აგენტი" ამოიღო და ის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით შეცვალა.
კანონის მიხედვით, ყველა არასამთავრობო და მედიაორგანიზაცია, რომლის შემოსავლების 20%-ზე მეტი უცხოეთიდან არის მიღებული უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლად ჩაითვლება. სახელმწიფო არ გამოიკვლევს თუ რას საქმიანობენ და რა მიზნებს ემსახურებიან ეს ორგანიზაციები და მათ ყველას უცხოური ძალის ინტერესის გამტარებლად შერაცხავს.
კანონი მიმართულია ევროპასა და ამერიკისაგან შემოსულ დაფინანსებებზე და არა მტრულად განწყობილი ქვეყნებიდან შემოსულ დაფინანსებებზე, როგორც ეს ცივილიზებულ ქვეყნებშია.
კანონის ინიცირების გამო შეშფოთება გამოთქვეს ევროკავშირის წევრმა და საქართველოს მეგობარი ქვეყნების ლიდერებმა, რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა კი „ქართული ოცნების“ კანონი მოიწონა.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google