„ძეგლი გახდება მაჩვენებელი იმისა, თუ როგორი საინტეგრაციო პოლიტიკა მიმდინარეობს ჩვენს ქვეყანაში“ - ზაურ ხალილოვი
„ძეგლი გახდება მაჩვენებელი იმისა, თუ როგორი საინტეგრაციო პოლიტიკა მიმდინარეობს ჩვენს ქვეყანაში“ - ეს განცხადება ჩვენთან საუბრისას სამოქალაქო ინტეგრაციის ფონდის ხელმძღვანელმა ზაურ ხალილოვმა გააკეთა.

ხალილოვი 20 იანვარს, ახალქალაქის ერთ-ერთ სოფელში ყარაბაღის ომის მონაწილის ბიუსტის დადგმასა და შემდგომ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საუბრობს. მისი თქმით, სომხური და აზერბაიჯანული თემის დაპირისპირებამ ნათლად წარმოაჩინა საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლების პრობლემები, კერძოდ კი ის, რომ საქართველოს მოქალაქეები თავს სახელმწიფოს ნაწილად არ თვლიან.

ხალილოვის თქმით, აღნიშნულ შემთხვევაში ეთნიკურად სომეხი დეპუტატები ძეგლის გახსნაზე ისე წავიდნენ, რომ არ დაფიქრებულან თუ რა შედეგი შეიძლება გამოეწვია ამას საქართველოსათვის. ხოლო რაც შეეხება ეთნიკურად აზერბაიჯანელ დეპუტატებს, ხალილოვი ამბობს, რომ ისინი ხმას მხოლოდ მაშინ იღებენ, როდესაც ამის დირექტივა აზერბაიჯანიდან მოდის.

„ამდენი წლის განმავლობაშ პარლამენტში არიან. უამრავი საკითხი მოხდა ქვეყანაში რაზეც ყველა თავის აზრს აფიქსირებდა და ესენი ჩუმად იყვნენ, ძეგლის დადგმაზე კი აჟიოტაჟი ატეხეს. სანამ აზერბაიჯანიდან არ მისცემენ შენიშვნებს მანამდე ისინი ხმას არ იღებენ.“ - ამბობს ზაურ ხალილოვი

ხალილოვი აღნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობა ცუდ მდგომარეობაშია, რადგან აზერბაიჯანის ხელისუფლება რეაგირებას ითხოვს. რეაგირება შესაძლოა ძეგლის დემონტაჟში გამოიხატოს, რამაც თავის მხრივ შესაძლოა ეთნიკური ნიშნით დაპირისპირების გაღვივება გამოიწვიოს.

სამოქალაქო ინტეგრაციის ფონდის ხელმძღვანელისთვის გაუგებარია ენზელ მკოიანისა და სამველ მანუკიანის განცხადება, როდესაც ისინი ამბობენ, რომ არ ფიქრობდნენ თუ ძეგლის გახსნა ასეთ აჟიოტაჟს გამოიწვევდა, რადგან როგორც თავად ამბობს, ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში სახელმწიფო უშიშროების სამსახური საკმაოდ აქტიურად მუშაობს, რასაც შერიგებისა და სამოქალაქო ინტეგრაციის ყოფილი მინისტრი პაატა ზაქარეიშვილიც ადასტურებდა. ხალილოვისათვის გაუგებარია თუ როგორ გამორჩა „სუსს“ ასეთი ფაქტი, რომელმაც სახელმწიფო დიპლომატიურ სკანდალამდე მიიყვანა.

რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები