ეთნიკური აზერბაიჯანელები - ხარისხიან განათლებაზე ხელმიუწვდომელი მოქალაქეები


უკვე ერთი წელია, რაც საქართველოში ეთნიკური აზერბაიჯანელებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში რეგულარულად დავდივარ და ადგილობრივი მოსახლეობის პროლემებს ვეცნობი . ამ ხნის განმავლობაში არ მინახავს ისეთი სოფელი, იქ მცხოვრებ ადამიანებს სოციალურ-ეკონომიკური პრობლემები რომ არ ჰქონოდათ. თავდაპირველად ვფიქრობდი, რომ ეს თვითონ ეთნიკური აზერბაიჯანელების ბრალი იყო: იმის გამო, რომ არ აქვთ განათლება და არ იციან სახელმწიფო ენა, ვერ იცავენ თავიანთ უფლებებს და მათი პრობლემებიც პრობლემებად რჩება. თავიდან მეც ეთნიკურ აზერბაიჯანელებს ვამუნათებდი იმის გამო, რომ განათლება არ ჰქონდათ. საქართველოში ჩამოსვლის პირველი დღეებიდანვე, აქ მცხოვრებ ყველა ეთნიკურ აზერბაიჯანელს მხოლოდ იმას ვეკითხებოდი, რატომ არ იღებდნენ კარგ განათლებას და რატომ ვერ ახერხებდნენ ქართულ საზოგადოებაში ინტეგრაციას. ვფიქრობდი, რომ ადამიანმა თავისი ქვეყნის ენა რომ არ იცის, ეს არ არის ნორმალური მოვლენა.

თუმცა, შემდეგ მივხვდი, რომ ამ პრობლემას ბევრი მხარე აქვს. ამ ერთი წლის განმავლობაში ბევრი ისეთი ადამიანი გავიცანი, რომლებმაც ქართული ენა კარგად იციან, მაგრამ განათლება და სამსახური არ აქვთ.

იმ სკოლების უმრავლესობა, რომლებიც ეთნიკური აზერბაიჯანელებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში არსებობს, ბავშვებს არასრულ განათლებას აძლევს. ამ ბავშვებს სრული საშუალო განათლების მიღების შანსიც კი არ აქვთ: მეზობელი სოფლებისა და რაიონების სკოლებში ისინი სწავლის გაგრძელებას ვერ ახერხებენ, რადგან სკოლამდე დიდი მანძილის გავლაა საჭირო, მოსწავლეებისთვის არ არის გამოყოფილი უფასო ტრანსპორტი, მათ მშობლებს კი მანქანის დაქირავების საშუალება არ აქვთ.

სოფლებში საჯარო სკოლების დიდი ნაწილი ავარიულ მდგომარეობაშია. მოსწავლეები ძველ, ნახევრად დანგრეულ შენობებში სწავლობენ, სადაც ნორმალური განათლების მისაღებად არანაირი პირობები არ არსებობს.
სკოლაში მასწავლებლების უმრავლესობამ თვითონ არ იცის ქართული ენა და მოსწავლეს როგორ უნდა ასწავლოს?

სკოლის დირექტორები ცალკე საუბრის თემაა. პირველად მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ საბირქენდის სკოლის დირექტორმა გამაკვირვა: ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ მასწავლებლებთან და მოსწავლეებთან საუბრის საშუალება არ მოეცა. იმავე სკოლის ფიზკულტურის მასწავლებელი უკან მანამდე მომყვებოდა, სანამ სოფელი არ დავტოვე. მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ იმირის არასრული საჯარო სკოლის დირექტორიც არანაკლებ „ყოჩაღი“ აღმოჩნდა. დირექტორმა, რომლის პედაგოგიური გამოცდილება ჩემს ასაკზე დიდია, სოფლის მკვიდრს ჩემზე თავდასხმისკენ მოუწოდა. მანამდე წარმოდგენაც არ შემეძლო, რომ ადამიანი, რომელიც თავს მასწავლებელს უწოდებს, შიეძლება ადამიანს დანაშაულისკენ მოუწოდებდეს. ჩემი აზრით, ყველაზე დიდი უბედურება ის არის, რომ რეგიონებში მცხოვრები ეთნიკური აზერბაიჯანელები იძულებულნი არიან, ასეთი ადამიანებისგან ისწავლონ. როდესაც ეთნიკური აზერბაიჯანელების განათლების სფეროში არსებული პრობლემები გავაცნობიერე, მივხვდი, რომ მათ მიმართ არასწორი დამოკიდებულება მქონდა: საქართველოში მცხოვრებ ეთნიკურ აზერბაიჯანელებს ყველაზე უსამართლოდ სახელმწიფო ექცევა, რადგან მათ ხარისხიანი განათლების მიღების საშუალებას არ აძლევს.

ხაიალ აზიზოვი



სტატია მომზადებულია "თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის" პროექტის ფარგლებში, რომელიც საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოსა და ფონდის - "ეროვნული წვლილი დემოკრატიისათვის" ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. ავტორის/ავტორების მიერ სტატიაში გამოთქმული მოსაზრება, შესაძლოა, არ გამოხატავდეს დონორთა და თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის პოზიციას.



Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები