„ოცნებაზე“ განაწყენებული მარნეულელები „ევროპულ საქართველოში“ გადავიდნენ


გუშინ, 14 ოქტომბერს გიგი უგულავამ პრესკონფერენცია გამართა და თქვა, რომ „ქართული ოცნების“ წევრებმა პარტია დატოვეს და „ევროპულ საქართველოში“ გადავიდნენ.

“ევროპული საქართველოს” ლიდერის თქმით, პარტიას ის ადამიანები შეუერთდნენ, რომლებიც მანამდე რუსთავში, გარდაბანში, წალკასა და მარნეულში მდებარე “ქართული ოცნების” შტაბებში მუშაობდნენ.

„ევროპული საქართველოს“ მარნეულის შტაბის უფროსმა ახმედ იმამკულიევმა ჩვენთან საუბრისას თქვა, რომ „ქართული ოცნება“ პარტიის წევრებმა ქვეყანაში შექმნილი ეკონომიკური მდგომარეობისა და პარტიის მიერ პრეზიდენტობის კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერის გამო დატოვეს.

„ალგეთის თემიდან, ყიზილაჯლოდან, შულავერის თემიდან და სადახლოს თემიდან „ქართული ოცნების“ წევრები, მხარდამჭერები, აგიტატორები და ყოფილი რწმუნებულებიც კი გადმოვიდნენ ჩვენს პარტიაში“ - გვითხრა ახმედ იმამკულიევმა

სოფელ ყიზილაჯლოს ყოფილი რწმუნებული ნურადინ ისმაილოვი ერთ-ერთია, რომელმაც „ქართული ოცნება“ დატოვა. მისი თქმით, პარტიაში დაჰპირდნენ, რომ დაასაქმებდნენ, მაგრამ პირობა არ შეასრულეს, რაც „ევროპულ საქართველოში“ გადასვლის ერთ-ერთი მიზეზი გახდა.

„ვნახე, რომ ამ პარტიაში ხალხს არ ეხმარებიან, ბიუჯეტს ხარჯავენ აქეთ იქით. რესტორნებში ქეიფობენ და ეგ მე არ მომეწონა, გადავწყვიტე პარტია მივატოვო. ჩვენ მაშინ თავიდანვე მოგვატყუეს, ხელი მოვაწერეთ და მერე სამსახურში არ მიგვიღეს.“ - ამბობს ნურადინი

რაზიმან იუსუბოვი სოფელ ზემო სარალიდანაა. „ქართული ოცნება“ იუსუბოვამც დატოვა, რისი მიზეზიც, ნურადინ ისმაილოვის მსგავსად, დასაქმებასთან დაკავშირებული დაპირების შეუსრულებლობაა.

„რამდენჯერ მივედი, მითხრეს კომპიუტერშ შენი სახელი არ არისო. სამსახურში არ მიმიღეს. მეც მხარს ვუჯერტი 41-ს და როგორც მე მატყუებდნენ ისე ატყუებენ ხალხს.“ - გვითხრა რაზიმან იუსუბოვმა

„ქართული ოცნების“ წევრების „ევროპულ საქართველოში“ გადასვლას უარყოფს მარნეულის მაჟორიტარ-დეპუტატი თამაზ ნავერიანი.

„არც არავინ არ გადამდგარა და არც არავინ არ გადასულა ჩვენი პარტიიდან. ეს მორიგი ფარსი და ტყუილია. იქ ალბათ წარმოადგინეს თავისი წარმომადგენლები და თავისი წევრები და გაასაღეს როგორც „ქართული ოცნებიდან“ გადასულები. არც გვარი ვიცი ასეთის და არც სახელი, რომელიც გადავიდა „ევროპულ საქართველოში“. - გვითხრა თამაზ ნავერიანმა

შეგახსენებთ, რომ წინასაარჩევნო პერიოდში აქტივისტების მიერ პარტიების დატოვების შემთხვევები მარნეულში უკვე დაფიქსირდა. 1 ოქტომბერს პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ოფისში ბრიფინფი გაიმართა. ბრიფინგზე პარტიის წევრებმა, რომლებიც სოფელ დაშტაფას მაცხოვრებლები არიან გამოაცხადეს, რომ პარტია "ევროპული საქართველო" დატოვეს და "ნაციონალურ მოძრაობაში" გადავიდნენ. იმ წევრებმა, რომლებმაც პარტია დატოვეს, განაცხადეს, რომ მათ "ევროპულ საქართველოში" ატყუებდნენ. დღემდე ფიქრობდნენ, რომ "ევროპული საქართველო" და "ნაციონალური მოძრაობა" ერთი და იგივე პარტიაა.

რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები