ხობში, საცხოვრებელ სახლში აფეთქების შედეგად დაშავებული მამაკაცი გარდაიცვალა
ხობში, საცხოვრებელ სახლში აფეთქების შედეგად დაშავებული ერთ-ერთი მამაკაცი თბილისის დამწვრობის ცენტრში გარდაიცვალა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელმა გუგა ქაშიბაძემ განუცხადა.

რაც შეეხება დანარჩენ 4 პაციენტს, ქაშიბაძის განცხადებით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და ისინი დამწვრობის ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაში გადიან მკურნალობას.

პაციენტები ერთი ოჯახის წევრები არიან, რომლებმაც დამწვრობა სახლში, სავარაუდოდ, ბენზინის აალების შედეგად მიიღეს. ყველა მათგანი, სხეულის მძიმე დამწვრობით, ხობიდან თბილისის დამწვრობის ცენტრში გუშინ მოათავსეს.

„5 პაციენტი მივიღეთ, 4 მოზრდილი და 1 ბავშვი. ხუთივე პაციენტი კრიტიკული დამწვრობით შემოიყვანეს. დღეს გამთენიისას ერთ-ერთი მამაკაცი გარდაიცვალა. დანარჩენი 4 პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია და მოთავსებულები არიან დამწვრობის ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაში“, - განაცხადა გუგა ქაშიბაძემ.

წყარო: ინტერპრესნიუსი
Print