აქციების მონაწილე ბაიკერი აცხადებს, რომ თავს დაესხნენ
ანტირუსული აქციების მონაწილე ბაიკერი ლაშა ღვინიანიძე აცხადებს, რომ სატელეფონო მუქარის შემდეგ თავს დაესხნენ. ღვინიანიძის თქმით, მას სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს — ტუჩზე ნაკერის დადება დასჭირდა.

„72 წლის მამაჩემს დაურეკეს და ემუქრებოდნენ, შენი შვილი გაჩერდესო. თავიდან გვეგონა, რომ უბრალოდ მუქარებია და მეტი არაფერი, მაგრამ ვხედავთ, რომ სახლში მოვარდნის ამბებიც გვაქვს. არ ვიცი, საიდან გაიგეს, სად ვიყავი. საეჭვო ნომრიდან
შემოვიდა ზარი, რომელსაც ვუპასუხე და ხმას არ იღებდა. ალბათ, ასე გაიგეს ლოკაცია. დაახლოებით 10 წუთში, პირბადეებით, სამი ადამიანი მოცვივდა. ჯერ ჩაგვიარეს მე და ჩემს მეგობარს. მერე გამარჯობა გვითხრეს და უკნიდან შემოგვიტიეს“,
— განაცხადა ღვინიანიძემ „ფორმულას“ ეთერში.

დღესვე ცნობილი გახდა აქციების კიდევ ორ მონაწილეზე — დიმა ჩიქოვანზე და გია ჯაფარიძეზე თავდასხმის შესახებ.

უწყვეტი ანტირუსული პროტესტის მონაწილე პოლიტიკოსებს, ჟურნალისტებსა და რიგით აქტივისტებს მეორე დღეა უცხოური ან ქართული ნომრებიდან ურეკავენ. ადრესატებს აყენებენ სიტყვიერ შეურაცხყოფას, ემუქრებიან, რომ სახლთან დახვდებიან. ზარები განხორციელდა აქტივისტების ოჯახის წევრებთანაც.

„ქართული ოცნება“ კიდე ერთხელ აპირებს რუსული კანონის მიღებას, რომელიც 2023 წლის მარტში მასობრივი პროტესტის შედეგად უკან გაიწვიეს. „ქართულმა ოცნებამ“ გასულ წელს დადო პირობა, რომ რუსულ კანონს აღარ დაუბრუნდებოდნენ, მაგრამ პირობა დაარღვია. ქართულმა ოცნებამ კანონპროექტის პირვანდელი ფორმულირებიდან მხოლოდ სიტყვა "აგენტი" ამოიღო და ის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით შეცვალა.
კანონის მიხედვით, ყველა არასამთავრობო და მედიაორგანიზაცია, რომლის შემოსავლების 20%-ზე მეტი უცხოეთიდან არის მიღებული უცხოური ძალია ინტერესების გამტარებლად ჩაითვლება. სახელმწიფო არ გამოიკვლევს თუ რას საქმიანობენ და რა მიზნებს ემსახურებიან ეს ორგანიზაციები და მათ ყველას უცხოური ძალის ინტერესის გამტარებლად შერაცხავს.
კანონი მიმართულია ევროპასა და ამერიკისაგან შემოსულ დაფინანსებებზე და არა მტრულად განწყობილი ქვეყნებიდან შემოსულ დაფინანსებებზე, როგორც ეს ცივილიზებულ ქვეყნებშია.
კანონის ინიცირების გამო შეშფოთება გამოთქვეს ევროკავშირის წევრმა და საქართველოს მეგობარი ქვეყნების ლიდერებმა, რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა კი „ქართული ოცნების“ კანონი მოიწონა.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები