უჩა აბაშიძე იარაღის უკანონო ფლობისთვისაა დაკავებული, გამოძიება კიბერდანაშაულზეცაა დაწყებული
ბლოგერი უჩა აბაშიძე, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დააკავეს იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისთვის.

ამასთან, უწყების განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სხვადასხვა სამთავრობო უწყების, კერძოდ, შსს-ს, იუსტიციის სამინისტროსა და საქართველოს პარლამენტის ვებგვერდებზე განხორციელებული კიბერშეტევის ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 286-ე მუხლის მე-4 ნაწილით დაიწყეს, რაც
"კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტის მიმართ ჩადენილ კომპიუტერული მონაცემის ან კომპიუტერული სისტემის ხელყოფას გულისხმობს."

შსს-ს თანახმად, ამ დრომდე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები თბილისსა და ბათუმში, მათ შორის თბილისში, ი. აბაშიძის N22-ში მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში.

“საიდანაც სამართალდამცველებმა ჩატარებული ჩხრეკის შედეგად უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღეს”.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ უჩა აბაშიძის დაკავებისა და სხვადასხვა ტიპის იარაღის კადრებიც გაავრცელა.


გასულ კვირაში გავრცელდა ინფორმაცია პარტია „ქართული ოცნებისა“ და ტელეკომპანია „პოსტივის“ საიტების, ასევე იუსტიციის სამინისტროს საიტის დროებით გათიშვის შესახებ. საიტების გათიშვაზე პასუხისმგებლობა ჰაკერულმა ჯგუფმა Anonymous-მა აიღო. ჰაკერებისა და აქტივისტების საერთაშორისო მოძრაობა Anonymous-მა 1 მაისს გამოუცხადა მხარდაჭერა „აგენტების კანონის“ წინააღმდეგ საქართველოში მიმდინარე საპროტესტო დემონსტრაციებს.

შსს-ს მიერ იარაღის კადრების გავრცელების შემდეგ, უჩა აბაშიძის დედამ, ლია თოდუამ, თავის ფეისბუკის გვერდზე გამოაქვეყნა შსს-ს ვიდეოდან სქრინშოტი, იარაღის აღწერით:

"უჩა აბაშიძის სახლში ამოღებული იარაღი, რასაც შსს გვაჩვენებს, ძირითადად სათამაშო თოფები და პლასტმასის სათამაშო ტყვიებია - იმიტომ რომ სტრაიკბოლს თამაშობს უჩა მთელი ცხოვრება. ამ სურათზე ორი ნამდვილი იარაღია მხოლოდ და ორივე - უჩას სახელზე ოფიციალურად რეგისტრირებული."


სამხედრო ბლოგერი უჩა აბაშიძე რამდენიმესაათიანი ჩხრეკის შემდეგ თავის სახლში დააკავეს. ის ხელბორკილდადებული ჩასვეს პოლიციის მანქანაში.

უჩა აბაშიძის მეგობარმა, ადვოკატმა შოთა თუთბერიძემ მისი დაკავების შემდეგ თქვა, რომ უჩა აბაშიძეს აქვს დრონის ნაწილები და ეარსოფტის იარაღი, მას გაფორმებული აქვს ტაბელური იარაღიც. თუთბერიძის თანახმად, თუ ამოღებულ ნივთებს შორის სხვა რამ აღმოჩნდა, ის "პოლიციის მიერ იქნება ჩადებული".

უჩა აბაშიძის სახლთან პოლიცია იყო მობილიზებული. ბლოგერის სახლში პოლიციის შესვლის შესახებ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ ადგილზე მივიდნენ მოქალაქეებიც. ისინი სკანდირებდნენ: "უჩა! უჩა!" პოლიციელების მისამართით კი სკანდირებდნენ: "მონებო".

ადვოკატს თავისი დაცვის ქვეშ მყოფის სახლში შესვლის საშუალება დაკავებამდე რამდენიმე წუთით ადრე მიეცა. მოგვიანებით მან თქვა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფთან განმარტოების საშუალება არ მიეცა და იმედოვნებდა, რომ ამას წინასწარი მოთავსების იზოლატორში შეძლებდა.

დაკავებამდე, უჩა აბაშიძის სახლიდან გარკვეული ნივთები გაიტანეს.

უჩა აბაშიძე სტრაიკბოლის ფედერაციის ხელმძღვანელია, მოლაშქრეა, youtube-ს არხზე აქვს თავისი პერსონალური ვლოგი, რომელსაც შვიდი ათასზე მეტი გამომწერი ჰყავს. მისი, როგორც ბლოგერის, პოპულარობა გაიზარდა უკრაინის ომის შესახებ მასალების მომზადების შემდეგ.

უჩა აბაშიძე საქართველოს მმართველო პარტიის, "ქართული ოცნების" მიერ ინიციირებული "აგენტების კანონის" კრიტიკოსი და საპროტესტო აქციების აქტიური მონაწილეა.

მას შემდეგ, რაც პოლიციამ უჩა აბაშიძე დააკავა, მის სახლთან შეკრებილმა რამდენიმე ასეულმა ადამიანმა ვაკეში, ჭავჭავაძის გამზირზე, საპროტესტო მსვლელობით გადმოინაცვლა. მსვლელობის დროს პოლიციამ რამდენიმე ადამიანი დააკავა. უცნობია დაკავებულთა ზუსტი რაოდენობა და ის, თუ რას ედავება მათ შსს.

უჩა აბაშიძის დაკავებას გამოეხმაურა სახალხო დამცველის აპარატი. განცხადებაში წერია, რომ თვალყურს ადევნებენ ბლოგერ და სამხედრო ჟურნალისტ უჩა აბაშიძესთან დაკავშირებით მიმდინარე მოვლენებს, მისი სახლის რამდენიმესაათიანი ჩხრეკის და შემდგომ მისი დაკავების ფაქტს.

"ამ ეტაპზე სახალხო დამცველის რწმუნებული მიემართება თბილისის დროებითი მოთავსების იზოლატორში დაკავებულთან შეხვედრის მიზნით. ამასთან, აპარატი მოუწოდებს საგამოძიებო უწყებას, დაუყოვნებლივ მისცეს უჩა აბაშიძის ადვოკატებს მათი დაცვის ქვეშ მყოფ პირთან შეხვედრის შესაძლებლობა".

სახალხო დამცველის აპარატის თანახმად, ომბუდსმენი ლევან იოსელიანი არ იმყოფება საქართველოში, "თუმცა მისი წარმომადგენლები მთელი დღის განმავლობაში ადგენენ დაკავებულთა ადგილმდებარეობას და ხვდებიან დაკავებულ პირებს, მათი ფიზიკური მდგომარეობისა და დაკავების პირობების გასარკვევად".

წყარო: radiotavisupleba.ge

„ქართული ოცნება“ კიდე ერთხელ აპირებს რუსული კანონის მიღებას, რომელიც 2023 წლის მარტში მასობრივი პროტესტის შედეგად უკან გაიწვიეს. „ქართულმა ოცნებამ“ გასულ წელს დადო პირობა, რომ რუსულ კანონს აღარ დაუბრუნდებოდნენ, მაგრამ პირობა დაარღვია. ქართულმა ოცნებამ კანონპროექტის პირვანდელი ფორმულირებიდან მხოლოდ სიტყვა "აგენტი" ამოიღო და ის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით შეცვალა.
კანონის მიხედვით, ყველა არასამთავრობო და მედიაორგანიზაცია, რომლის შემოსავლების 20%-ზე მეტი უცხოეთიდან არის მიღებული უცხოური ძალია ინტერესების გამტარებლად ჩაითვლება. სახელმწიფო არ გამოიკვლევს თუ რას საქმიანობენ და რა მიზნებს ემსახურებიან ეს ორგანიზაციები და მათ ყველას უცხოური ძალის ინტერესის გამტარებლად შერაცხავს.
კანონი მიმართულია ევროპასა და ამერიკისაგან შემოსულ დაფინანსებებზე და არა მტრულად განწყობილი ქვეყნებიდან შემოსულ დაფინანსებებზე, როგორც ეს ცივილიზებულ ქვეყნებშია.
კანონის ინიცირების გამო შეშფოთება გამოთქვეს ევროკავშირის წევრმა და საქართველოს მეგობარი ქვეყნების ლიდერებმა, რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა კი „ქართული ოცნების“ კანონი მოიწონა.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები