ადვოკატი - მწყემსმა დეტალურად აღწერა ის ორი ადამიანი, ვინც მისი თქმით, ხადას ხეობაში სმიტების ოჯახი მოკლა
ხადას ხეობაში, სმიტების ოჯახის მკვლელობის საქმეში ბრალდებული მალხაზ კობაურის დაკითხვა სასჯელაღსრულების მერვე დაწესებულებაში ამ ეტაპზე დასრულდა.
როგორც ჟურნალისტებს კობაურის ადვოკატმა დავით გირგვლიანმა განუცხადა, დაკითხვა სავარაუდოდ 23 ივლისსაც გაგრძელდება. გირგვლიანის თქმით, დღევანდელ დაკითხვაზე მისი დაცვის ქვეშ მყოფმა ისაუბრა იმ ორ პირზე, რომელზეც კობაური ამბობს, რომ სმიტების ოჯახი მოკლეს. მისივე თქმით, კობაურმა განაცხადა, რომ ეს ორი პირი ეთნიკურად ქართველები არ არიან, არიან სავარაუდოდ კავკასიელები, რომლებთანაც კომუნიკაცია ქართულ ენაზე ჰქონდა.


"ამ ეტაპზე კობაურმა მიიღო მონაწილეობა გამოკითხვაში, ითანამშრომლა გამოძიებასთან და მან, როგორც ამ ფაქტის შემსწრემ, დეტალურად აღწერა ის ორი ადამიანი, ვინც მისი თქმით, ხადას ხეობაში ეს დანაშაული ჩაიდინა. მან სრულიად დეტალურად აღწერა ის გარემოება, თუ რა ვითარებაში შეხვდა ამერიკულ ოჯახს და როგორ მოვიდა ხადას ხეობაში ეს ორი უცნობი პირი. კობაურმა განაცხადა, რომ გამოძიების სურვილის შემთხვევაში ის თანახმაა შეადგინოს ამ ადამიანების ფოტორობოტიც.


მან მიუთითა მათ სიმაღლეზე, წარბების მოყვანილობაზე, თმის ფერზე და ერთ-ერთის ინდივიდუალურ მახასიათებელზე. მისთვის უცნობი პირები უცხოელები იყვნენ, კავკასიური კუთვნილების. მათ კომუნიკაცია ჰქონდათ ქართულ ენაზე, რადგან კობაურმა სხვა ენა არ იცის. შემდგომ ვკითხე, ოსები თუ იყვნენ-მეთქი და კატეგორიულად გამორიცხა. კიდევ ერთი კითხვა დავუსვი - გამორიცხავდა თუ არა, რომ იყვნენ აზერბაიჯანელები და ამაზე მან განაცხადა, რომ არ გამორიცხავდა",- აღნიშნა ადვოკატმა.

წყარო: ინტერპრესნიუსი
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები