„აკელიკ გრუპის“ თანამშრომლების ნაწილს ანაზღაურების ნაწილი აქციის დროს ჩაერიცხა
მარნეულში წყალმომარაგების სისტემის მშენებლობაზე მომუშავე კომპანია „აკელიკ გრუპმა“ თანამშრომლებს დაგვიანებული ხელფასების ნაწილი მას შემდეგ ჩაურიცხა, რაც მუშებმა აქცია გამართეს და კომპანიას მუშაობის გაგრძელების შესაძლებლობა არ მისცეს.

დღეს, 26 აპრილს, „აკელიკ გრუპის“ მიერ დასაქმებულებმა მარნეულის მერიის წინ კიდევ ერთი აქცია გამართეს. აქციის მოთხოვნა უცვლელი იყო, დაგვიანებული ანაზღაურების აღება.

მერიასთან შეკრებილმა მშრომელებმა მსვლელობა მოაწყვეს და იმ ადგილას მივიდნენ, სადაც „აკელიკ გრუპი“ წყალმომარაგების სისტემის გაყვანას ანხორციელებდა.

„ზოგს სამი თვის ხელფასი აქვს ასაღები, ზოგს კიდევ ერთის, სხვადასხვა თანხები გვაქ ასაღები, მაგრამ არაფერს გვაძლევენ. არავინ მოდის ჩვენთან და არ გვეუბნებიან რა იქნება, სწორედ ამიტომ მოვედით აქ. ტექნიკა გავაჩერეთ და ველოდებით როდის ჩაგვირიცხავენ ხელფასებს“ - გვითხრა ბახატ ნაბიევმა

„ჩვენგან 90%-ს ბანკში კრედიტი აქვს აღებული, მაგრამ ვერ ვიხდით. ბანკი კი გვთხოვს ფულს, ისინიც თავის საქმეს აკეთებენ, ამაში მაინც დაგვეხმარონ და გადაგვივადონ სესხები, მაგრამ არაფერს აკეთებენ. სწორედ ამიტომ ვართ აქ, გავაჩერეთ სამუშაოები და ველოდებით როდის ჩაგვირიცხავენ ხელფასებს“. - ამბობს კომპანიის კიდევ ერთი თანამშრომლები

„აკელიკ გრუპში“ დასაქმებულებმა სამუშაოების გაჩერების შემდგომ კომპანიის სათაო ოფისში გადაინაცვლეს. კომპანიის სათაო ოფისთან შეკრებილ თანამშრომლებს პროექტის კოორდინატორი ელვინ ჯალილოვი შეხვდა. ჯალილოვის განცხადებით, კომპანიის თანამშრომლები კუთვნილი ანაზღაურების ნაწილს დღეს, დღის ბოლომდე, მიიღებდნენ.

„რაღაც პრობლემები იყო და მაგის გამო ვერ ჩავრიცხეთ ხელფასები, ძირითადად პრობლემები კორონავირუსის გამო იყო. ახლა დეკემბრისა და დარჩნილ თანხებს ჩავრიცხავთ, მეორე ნაწილსაც მალე ჩავრიცხავთ, სრული ინფორმაცია არ მაქვს თუ როდის, მაგრამ მალე იქნება“ - განაცხადა ელვინ ჯალილოვმა

აქციის მონაწილეების ნაწილს ანაზღაურების ნაწილი უკვე ჩაერიცხა. ისინი ახლა დარჩენილი თანხის აღებას ელიან.

კომპანია აკელიკ გრუპის თანამშრომლები მარნეულის მერიის წინ აქციებს უკვე რამდენიმე თვეა პერმამენტულად ატარებენ. მათი მთავარი და ერთადერთი მოთხოვნა კომპანიის მიერ მათთვის გადაუხდელი შრომითი ანაზღაურების აღებაა. ისინი აცხადებენ, რომ უკვე ოთხ თვეზე მეტია კუთვნილ ანაზღაურებას ვერ იღებენ.

კომპანიის თანამშრომლებს კიდევ ერთი აქცია მარნეულის მერიასთან 26 მარტს ჰქონდათ გამართული. მაშინ მათ მარნეულისა და გარდაბნის მაჟორიტარი დეპუტატი ზაურ დარგალი შეხვდა და დახმარებას დაჰპირდა. აქციის გამართვის შემდგომ „აკელიკის“ თანამშრომლებსა და ხელმძღვანელობას შორის შეხვედრა გაიმართა, რიმელსაც ზაურ დარგალიც ესწრებოდა. შეხვედრაზე კომპანიის თანამშრომლებმა კიდევ ერთი პირობა მიიღეს, რომ ხელფასების ნაწილი რამაზანის თვის დაწყებამდე, ანუ 13 აპრილამდე ჩაერიცხებოდათ. რადიო „მარნეულთან“ საუბრისას აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ 15 აპრილამდე მათ საბანკო ანგარიშებზე „აკელიკის“ მხრიდან ერთი თეთრიც კი არ დამჯდარა.

წყალმომარაგება-წყალარინების სისტემის მშენებლობის პროექტს ურბანული მომსახურების გაუმჯობესების ინვესტირების პროგრამის ფარგლებში, აზიის განვითარების ბანკი 55,940,022 დოლარით აფინანსებს. სამშენებლო სამუშაოებს აზერბაიჯანული კომპანია ,,Akelik Group” ახორციელებს.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები