„აკელიკ გრუპი“ დასაქმებულებს ხელფასებს საქართველოს გარდა, სხვა ქვეყნებშიც არ უხდიდა
თითქმის ორი წელია მარნეულში წაყლმომარაგება-ყლარანიების სისტემის მშენებლობა მიმდინარეობს. სწორედ აღნიშნულ ინფრასტრუქტურულ პროექტზეა დამოკიდებული ქალაქ მარნეულისა და მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფლების 35 200-მდე მაცხოვრებისათვის სტაბილური, ხარისხიანი წყალმომარაგებით უზრუნველყოფა. პროექტი დროში იწელება, დამსაქმებელი კომპანია მუშახელს კუთვნილ ანაზღაურებას არ უხდის. კომპანია აკელიკ გრუპის თანამშრომლები მარნეულის მერიის წინ აქციებს უკვე რამდენიმე თვეა პერმამენტულად მართავენ. მათი მთავარი და ერთადერთი მოთხოვნა კომპანიის მიერ მათთვის გადაუხდელი შრომითი ანაზღაურების აღებაა. ისინი აცხადებენ, რომ უკვე ოთხ თვეზე მეტია კუთვნილ ანაზღაურებას ვერ იღებენ.

„აკელიკ გრუპის“ წარსული გამომძიებელ ჟურნალისტთა გაერთიანებამ „აი, ფაქტმა“ შეისწავლა. მათი ინფორმაციით, ღია სააქციო საზოგადოება Alke Insaat Sanaye ve Ticaret საქართველოში 2016 წელს დაარსდა. 2019 წლის იანვარში კი შპს “აკელიკ გრუპ გეორგია” დარეგისტრირდა. შპს-ს დირექტორი და მფლობელი ღია სააქციო საზოგადოება “აკელიკ გრუპის” იურისტი ტოგო უჩაიძეა. როგორც საჯარო სამსახურის ბიუროს გვერდიდან ირკვევა, უჩაიძე 2002-2005 წლებში შინაგან საქმეთა სამინისტროში კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე იყო.

აზერბაიჯანში კომპანიის წინააღმდეგ აზერბაიჯანის რესპუბლიკის სისხლის სამართლის 213-ე მუხლის მე-3 ნაწილით საქმე არის აღძრული. ეს მუხლი გადასახადების გადაუხდელობას გულისხმობს. აზერბაიჯანის რესპუბლიკის გადასახადების სამინისტროს მონაცემებით, კომპანიას 5 მილიონ მანათზე მეტი საგადასახადო ვალი აქვს.

როგორც აზერბაიჯანული მედიიდან ირკვევა, “აკელიკი” აზერბაიჯანშიც მსგავსი პრაქტიკით მუშაობს. 2019 წელს აზერბაიჯანულ მედიაში სარგული მუსაევას ვიდეოჩანაწერები გავრცელდა, რომელშიც ის ამბობს, რომ კომპანიამ 2 წლის განმავლობაში მისი ოჯახის 4 წევრი შრომის ხელშეკრულების გარეშე ამუშავა, რის გამოც აზერბაიჯანის შრომის სახელმწიფო ინსპექციამ კომპანია დააჯარიმა. სარგულ მუსაევა ასევე ავრცელებდა ხმის ჩანაწერს, რომელშიც კომპანიის თანამშრომელი მისი მეუღლის ხელფასიდან 1000 მანათს აძლევს და მას წერილს აწერინებს შრომის ინსპექციის სახელზე, რომ კომპანიის წინააღმდეგ შეტანილი საჩივარი გააუქმონ.

როგორც აზერბაიჯანული მედიიდან ირკვევა, ”აკელიკი” აზერბაიჯანის წყალმომარაგების კომპანიის, “აზერსუს” მთავარი პარტნიორია და ხშირად იგებს მის ტენდერებს.

თურქეთის მოქალაქე, რამაზან ბიჩერი 2013-2018 წლებში აზერბაიჯანში “აკელიკის” ტოპოგრაფი იყო. მან გაავრცელა ვიდეოჩანაწერი, რომელშიც ამბობს, რომ “აკელიკმა” აზერბაიჯანში სვადასხვა პროექტის განხორციელებისას დიდი ოდენობით თანხები მიითვისა.

აზერბაიჯანული მედია წერს იმაზეც, რომ “აკელიკი” თანამშრომლებს ხელფასებს საკუთარ ქვეყანაშიც არ აძლევს. აზერბაიჯანულ მედიაში ვრცელდებოდა ცნობები “აკელიკის” იმ თანამშრომლებზე, რომლებიც კომპანიას ხელფასების გამო სასამართლოში უჩიოდნენ. კომპანიის დირექტორი, სულეიმან ბაბაევი მათ პირადად წერდა და მუქარით მათ გაჩუმებას ცდილობდა.

2018 წლის აპრილში იმრან გურბანოვმა “აკელიკის” ოფისის წინ თავის დაწვა სცადა. როგორც რამაზან ბიჩერი ვიდეოჩანაწერში ამბობს, გურბანოვი კომპანიის თანამშრომელი იყო და ხელფასის გადახდას ითხოვდა. კომპანიის დირექტორმა კი მას უთხრა, წადი, სადაც გინდა იქ მიჩივლე, თუ გინდა თავი მოიკალი, ხელფასს მაინც ვერ მოგცემთო.

კომპანია “აკელიკს” ყირგიზეთშიც მსგავსი თავგადასავალი აქვს. 2017-2020 წლებში ბატკენის რეგიონში 33 კმ სიგრძის გზას აშენებდა. “რადიო თავისუფლების” ყირგიზეთის ბიურომ 2018 წელს გაავრცელა ინფორმაცია, რომ 40-მდე მუშა ხელფასების გამო გაიფიცა.

2019 წლის მარტში “მსოფლიო ბანკმა” საბუთების გაყალბების გამო Akelik Group-ს სანქციები დაუწესა. “მსოფლიო ბანკის” სანქციების საბჭოს გადაწყვეტილებიდან ირკვევა, რომ 2016 წელს Akelik Group უკრაინაში გზის მშენებლობის პროექტში ქვეკონტრაქტორი იყო და 48 სატრანსპორტო საშუალების ყალბი რეგისტრაციის მოწმობა შეადგინა.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები