მერია 2 504 112 ლარის დახარჯვას „სუფთა მარნეულისა“ და „მარნეულის სოფწყალის“ შენობების ასაშენებლად გეგმავს
მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობა მერიის ბალანსზე მყოფი კომპანიების შპს „მარნეულის სოფწყალისა“ და ა(ა)იპ „სუფთა მარნეულისათვის“ ახალი შენობების მშენებლობას გეგმავს.

მარნეულის მერიამ „სუფთა მარნეულისა“ და „მარნეულის სოფწყალის“ საქმიანობისათვის საჭირო შენობების მშენებლობის სამუშაოების შესყიდვისათვის 2 504 112 ლარის ღირებულების ტენდერი გამოაცხადა.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, კომპანიებისათვის ახალ შენობას ქალაქ მარნეულში, აღმაშენებლის ქუჩაზე, ააშენებენ. ამ ეტაპზე ტერიტორიაზე, სადაც სამშენებლო სამუშაოები უნდა განხორციელდეს მუნიციპალური ავტობაზა მდებარეობს, სადაც მუნიციპალური საჯარო ტრანსპორტია გაჩერებული.

„კომპლექსი შედგება ექვსი შენბობა-ნაგებობისაგან:
შენობა N1 ადმინისტრაციულ შენობას წარმოადგენს, რომელიც 4 სართულიანი შენობა-ნაგებობაა მაღალი პარაპეტით და ბრტყელი გადახურვით, სახურავის სართულზე მოწყობილია საქვაბე.
შენობა მორგებულია შშმ პირებისათვის, რაც გამოიხატება გარე შესასვლელში მოწყობილი პანდუსით და ინტერიერში კიბის უჯრედში მოწყობილი ლიფტით. თითოეული სართული გათვლილია სხვადასხვა მენეჯმენტისათვის. შენობას აქვს გარე სახანძრო კიბე, რომლის არქიტექტურული გადაწყვეტა ერთგვარად პარადიულია და ფაქტობრივად შენობის ვიზუალსაც განსაზღვრავს“.
- აღნიშნულია სამშენებლო პროექტის აღწერაში

ადმინისტრაციულ შენობასთან ერთად იგეგმება დაცვის ჯიხურის, საწყობის, ბოქსების, სამრეცხაოსა და სატუმბოს მშენებლობაც.

მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივმა თვითმმართველობამ „სუფთა მარნეულისა“ და „მარნეულის სოფწყალისათვის“ განკუთვნილი შენობის მშენებლობის სამუშაოების შესყიდვის ტენდერი 2 აგვისტოს გამოაცხადა. ტენდერში მონაწილეობის მიღების მსურველ კომპანიებს წინადადებების წარდგენა 19-დან 24 აგვისტომდე პერიოდში შეეძლებათ. ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ სამშენებლო სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 540 კალენდარულ დღეში უნდა შეასრულოს.

რადიო „მარნეული“

Print E-mail
FaceBook Twitter Google