„ენმ“ - ს მარნეულის შტაბში თავმჯდომარის არჩევნები ჩატარდება
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მარნეულის რაიონული შტაბის ხელმძღვანელის პოზიციის დასაკავებლად არჩევნები ჩატარდება. წელიწად ნახევრის განმავლობაში მოვალეობის შემსრულებელად ლაშა ქველაძე იყო დანიშნული. როგორც მან რადიო „მარნეულს“ განუცხადა, საკუთარი კანდიდატურის დაყენებას არჩევნებზე არ აპირებს. მიიჩნევს, რომ საჭიროა სახალხო ლეგიტიმაციის მქონე პირებით დაკომპლექტდეს ენმ-ს პოლიტსაბჭო, რაც ხელს შეუწყობს მეტ ღიაობას პარტიულ საქმიანობაში.

„ამ ეტაპისთვის ენმ-ს ფრაქციის თავმჯდომარე ვარ საკრებულოში და აღნიშნული მიმართულების გაძლიერება იქნება ჩემი მთავარი ამოცანა. ამიტომ ამ ეტაპისთვის, თავს შევიკავებ რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეობის არჩევნებში მონაწილეობისგან. პარტიის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეობის კანდიდატი იქნება ელდარ მუსტაფაევი და აზად ქერიმოვი. ელდარ მუსტაფაევი 2003 წლიდან არის ნაციონალური მოძრაობის წევრი და ორი მოწვევის საკრებულოს წევრიც გახლდათ, 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე მერობის კანდიდატი იყო და კარგადაა ცნობილი ჩვენი ამომრჩევლისთვის. საბოლოო ჯამში, ამ პროცესის შედეგად, პარტია უნდა გაძლიერდეს ისე, რომ შევძლოთ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება პუტინის ტყვეობიდან და რუსი ოლიგარქის ბიძინა ივანიშვილის დამარცხება.“ - განმარტავს ქველაძე.

თუ როდის ჩატარდება მარნეულში არჩევნები, ჯერჯერობით, უცნობია, თუმცა სავარაუდო თარიღად 17-20 მაისი განიხილება.

გარეკანის ფოტო: რადიო "მარნეულის" არქივი
Print E-mail
FaceBook Twitter Google