მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობისთვის საგრანტო კონკურსი გამოცხადდა

დღეს, 17 მაისს, მარნეულის მერიაში გაიმართა შეხვედრა საგრანტო კონკურსის შესახებ, რომელიც ადგილობრივი მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით ცხადდება.


საგრანტო კონკურსს საერთაშორისო ორგანიზაცია "HEKS-EPER GEORGIA", ევროკავშირის (EU) ფინანსური ხელშეწყობით პროექტის "სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება სოციალურ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ ცხოვრებაში თანაბარი და სრულყოფილი მონაწილეობისთვის" ფარგლებში აცხადებს.

როგორც რადიო „მარნეულთან“ საუბრისას პროექტის მენეჯერი, გიორგი თვალიაშვილი ამბობს, გამარჯვებულებს საშუალება მიეცემათ ისარგებლონ DCFTA-სთან (ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცე) დაკავშირებული ადგილობრივი და საექსპორტო ბაზრის შესაძლებლობების შესახებ ინფორმაციის მიღებითა და ექსპერტული კონსულტაციით. სურვილის შემთხვევაში გაიარონ კონსულტაცია ევროპის ბაზრისთვის საექსპორტო მიმართულების შესაძლებლობებთან დაკავშირებით.



“კონკურსი ქვემო ქართლის და სამცხე-ჯავახეთის 6 მუნიციპალიტეტში ხორციელდება და შესაბამისად, ამ მუნიციპალიტეტების მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს შეუძლიათ მიიღონ დაფინანსება სხვადასხვა მიმართულები. ძირითადად ეს ეხება ქალი მეწარმეების და ახალგაზრდა მეწარმეების ხელშეწყობას. მეორე მიმართულება არის ინტეგრირებული ბიზნესების წარმოება, რომლის ფარგლებში ქართველი და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები ერთობლივად ოპერირებენ ან არიან დასაქმებული ბიზნესში და მესამე მიმართულება რაც არის, ეს არის ქართული პროდუქციის ევროპის ბაზარზე გატანა ან ევროპული ბაზრის შესაბამისობაში მოყვანა“
- თქვა გიორგი თვალიაშვილმა.

შეხვედრის მონაწილე, ადგილობრივი ხათუნა ბოლქვაძე ამბობს, რომ წლებია მებოსტნეობით არის დაკავებული და გეგმავს თავისი საქმიანობა უფრო მეტად გააფართოოს და შესაბამისობაში მოიყვანოს ევროპულ სტანდარტებთან.

„ჩემი სფერო სოფლის მეურნეობაა და ძალიან მიყვარს ეს საქმე. აღნიშნული შეხვედრა ჩემთვის სტიმულის მომცემია. ამ დრომდე ბევრი გრანტი მაქვს მოგებული და ახლა უფრო მეტად მაქვს სურვილი ჩემი საქმიანობა განვავითარო. ვფიქრობ, რომ ამ პროექტშიც მივიღო მონაწილეობა. ჩემი პროდუქცია ვერ გამაქვს ევროპის ბაზარზე, არ მაქვს შესაფუთი ტექნიკა, შეიძლება პროექტი ამ მიმართულებით დავწერო“ - ამბობს ხათუნა ბოლქვაძე



კონკურსის ფარგლებში გაიცემა 50 გრანტი, სამიზნე მუნიციპალიტეტებში არსებული მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით. გრანტების მოცულობა განსაზღვრულია 2000 ევროდან 60 000 ევრომდე.

გრანტები გათვლილია სამიზნე მუნიციპალიტეტების მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის, რომლებიც დაინტერესებულნი არიან ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთით:

  • ბიზნესში ქალების ჩართულობა და მათი გაძლიერება (პროექტი დაინტერესებულია ქალი მეწარმეების შესაძლებლობების განვითარებით და ასევე ახალგაზრდა მეწარმეების ხელშეწყობით);
  • ინტეგრირებული ბიზნეს გარემოს შექმნა/გაუმჯობესება (იგულისხმება ბიზნეს საქმიანობაში ჩართული პირების ეთნიკური მრავალფეროვნება, გაუმჯობესებული ეკონომიკური კავშირები ეთნიკურ ჯგუფებს შორის);
  • ბიზნესის მიერ წარმოებული პროდუქციის/მომსახურების ევროკავშირის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისობაში მოყვანა/ევროკავშირის ბაზარზე წვდომა
  • ბიზნეს იდეის განაცხადში უნდა განიმარტოს, თუ როგორ შეუწყობს ხელს ბიზნეს საქმიანობა ჩამოთვლილი კრიტერიუმებიდან ერთ-ერთს მაინც.

კონკურსის ფარგლებში ქვემო ქართლის და სამცხე-ჯავახეთის 6 მუნიციპალიტეტში (მარნეული, ბოლნისი, დმანისი, ახალციხე, ახალქალაქი და ნინოწმინდა) მხარდაჭერილი იქნება 50 ბიზნეს საქმიანობა.

დაფინანსების განაწილება მოხდება შემდეგნაირად:
  • 15 გრანტი - 2 000 ევრომდე
  • 16 გრანტი - 2 000 ევროდან - 5 000 ევრომდე
  • 16 გრანტი - 5 000 ევროდან - 10 000 ევრომდე
  • 3 გრანტი - 10 000 ევროდან - 60 000 ევრომდე (აღნიშნულ დაფინანსების მიღების შემთხვევაში, განმცხადებელმა აუცილებლად უნდა უზრუნველყოს ბიზნესის მიერ წარმოებული პროდუქციის/მომსახურების ევროკავშირის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისობაში მოყვანას).
დეტალური აღწერა და ბიზნეს იდეის განაცხადის ფორმა შეგიძლიათ გადმოწეროთ ბმულიდან.

 

Print E-mail
FaceBook Twitter Google