გუშინ, 11 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მუსლიმური
თემის წარმომადგენლებს რამადანის მარხვის ტრადიციულ იფთარზე
უმასპინძლა.
ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას კობახიძე განაცხადა, რომ საქართველო
არის უნიკალური მაგალითი, სადაც ისლამის სხვადასხვა მიმდინარეობის
(სუნიტები და შიიტები) წარმომადგენლები ერთ მეჩეთში ლოცულობენ და
ერთად,
მშვიდობიანად
თანაცხოვრობენ.
პრემიერ მინისტრის ამ განცხადებას „სრულიად საქართველოს მუსლიმთა
უმაღლესი სასულიერო სამმართველოს“ თავმჯდომარე, სეიდ მირთაღი ასადოვი
გამოეხმაურა.
მან საპასუხო განცხადება გამოაქვეყნა, სადაც
მიესალმება პრემიერის
გზავნილებს ტოლერანტობაზე, თუმცა, ამავდროულად, ღიად საუბრობს
ქვეყანაში მუსლიმი თემის მიმართ არსებულ ორმაგ სტანდარტებზე,
რელიგიური უმცირესობების უფლებების დარღვევასა და ისტორიული
უსამართლობის ფაქტებზე, მათ შორის, თბილისში დანგრეული შაჰ ისმაილის
მეჩეთის აღდგენის აუცილებლობაზე.
რადიო მარნეული სეიდ მირთაღი ასადოვის განცხადებას უცვლელად
გთავაზობთ:
"განცხადება
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ რამადანის თვესთან
დაკავშირებით ქვეყანაში რელიგიური სოლიდარობისა და ტოლერანტობის
შესახებ საუბრისას განაცხადა:
„ჩვენი სიძლიერე არის იმ სოლიდარობაში, რომელიც საქართველოში, ამ
მიწაზე მცხოვრებ ხალხებს აერთიანებს. დღეს რეგიონში ძალიან რთული
მოვლენები ვითარდება და ამ ფონზე საქართველოში სუნიტებისა და შიიტების
მიერ ერთ მეჩეთში ლოცვა განსაკუთრებულ სიმბოლურ დატვირთვას ატარებს.
ქართული ისლამი სწორედ ამ მახასიათებლით არის უნიკალური. ვფიქრობ, ეს
მშვიდობიანი თანაარსებობისა და საყოველთაო თანხმობის ყველასთვის
მისაბაძი მაგალითია.“
პოზიტიურად ვაფასებთ პატივცემული პრემიერ-მინისტრის მიერ მუსლიმი
თემის ერთობისა და ქვეყანაში არსებული რელიგიური ტოლერანტობის
ხაზგასმას და ამისთვის მადლობას ვუხდით მას. ნამდვილად, საქართველოში
მუსლიმები მრავალი წელია ურთიერთპატივისცემისა და გაგების პირობებში
ცხოვრობენ და ეს ერთობა ქვეყანაში მშვიდობისა და სტაბილურობის
შენარჩუნებაში თავის წვლილს შეიტანს.
ამავდროულად, გვინდა აღვნიშნოთ, რომ თბილისში სუნიტი და შიიტი
მუსლიმების ერთ მეჩეთში ლოცვა მხოლოდ ტოლერანტობის მაჩვენებელი არ
არის; გარკვეული თვალსაზრისით, ეს არსებული ვითარებიდან გამომდინარე,
იძულებითი აუცილებლობის შედეგია. სწორედ ამიტომ, მიგვაჩნია, რომ
ქვეყანაში რელიგიური ტოლერანტობის უფრო ნათლად და რეალურად
გამოსავლენად, ზოგიერთი ისტორიული უსამართლობის აღმოფხვრაა
აუცილებელი.
საბჭოთა პერიოდში რელიგიებისა და რელიგიური თემებისთვის მიყენებული
ზიანის სახელმწიფოს მიერ ნაწილობრივ აღიარების თაობაზე, 2014 წლის 27
იანვრის №117 დადგენილების სულისკვეთების შესაბამისად, განსაკუთრებული
ყურადღება უნდა მიექცეს მუსლიმი თემის ისტორიული და რელიგიური
მემკვიდრეობის აღდგენასაც. ამ თვალსაზრისით, თბილისში მდებარე,
საბჭოთა პერიოდში დანგრეული, დაახლოებით 400-წლიანი ისტორიის მქონე
შაჰ ისმაილის (ხალხში ცნობილი, როგორც შაჰ აბასის) მეჩეთის — შიიტი
მუსლიმების კუთვნილი ისტორიული სალოცავის — მუსლიმი თემისთვის
დაბრუნება და მისი აღდგენის შესაძლებლობის შექმნა ჭეშმარიტი
ტოლერანტობის მნიშვნელოვანი მაგალითი იქნება.
თუკი შეიქმნება ამ მეჩეთის აღდგენისა და მუსლიმი თემისთვის დაბრუნების
პირობები, ეს ნაბიჯი პრაქტიკულად დაადასტურებს საქართველოში რელიგიური
თავისუფლებისა და ურთიერთპატივისცემის კიდევ უფრო გაძლიერებას.
ამასთან ერთად, სინანულით უნდა აღვნიშნოთ, რომ ზოგიერთ შემთხვევაში
მუსლიმი თემის მიმართ გარკვეული დისკრიმინაციისა და ორმაგი
სტანდარტების არსებობა იგრძნობა. ვიმედოვნებთ, რომ პატივცემული
პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი მთავრობა ამ საკითხებსაც
ყურადღებით მოეკიდება და ყველა რელიგიური თემისთვის თანაბარი
მოპყრობის უზრუნველსაყოფად მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგმება.
ჩვენ, მუსლიმები, როგორც ჩვენს ქვეყანაში, ისე მთელ მსოფლიოში,
მშვიდობის, ურთიერთგაგებისა და სამართლიანობის მომხრენი ვართ. ჩვენი
სურვილია, რომ საქართველოში ჩამოყალიბებული რელიგიური სოლიდარობა არა
მხოლოდ სიტყვებით, არამედ ქმედითი ნაბიჯებითაც განმტკიცდეს და ყველა
მოქალაქისთვის თანაბარი უფლებები და შესაძლებლობები იყოს
უზრუნველყოფილი.
დასასრულს, რამადანის თვეს ვულოცავთ ყველა მუსლიმსა და ჩვენი ქვეყნის
ყველა მოქალაქეს, ვისურვებთ, რომ საქართველოში და მსოფლიოში მუდამ
სუფევდეს მშვიდობა, კეთილდღეობა და ურთიერთპატივისცემა.
სეიდ მირთაღი ასადოვი სრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი
სასულიერო სამმართველოს თავმჯდომარე"