თბილისსა და ბაქოს შორის სამგზავრო სარკინიგზო მიმოსვლა 26 მაისიდან აღდგება

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობა და სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს.
ყურადღება გამახვილდა სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების დინამიკასა და ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის როლზე. ქართულმა მხარემ გამოთქვა მზადყოფნა, უახლოეს პერიოდში კომისიის მომდევნო სხდომას უმასპინძლოს. ლიდერებმა ასევე ისაუბრეს რეგიონულ გეოპოლიტიკურ გამოწვევებსა და იმ ერთობლივ პროექტებზე, რომლებსაც საქართველო და აზერბაიჯანი
ახორციელებენ.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, ორ ქვეყანას შორის ენერგეტიკისა და ტრანსპორტის სექტორში დოკუმენტები გაფორმდა:

ხელი მოეწერა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ელექტროენერგიის მიწოდებისა და სატრანზიტო მიმოსვლის ძირითად პირობებზე 20-წლიან მთავრობათაშორის შეთანხმებას.

20 წლით გაგრძელდა აზერბაიჯანიდან გაზის ყიდვა-გაყიდვის 2003 წელს გაფორმებული ხელშეკრულება, რაც სოციალურ გაზმომარაგებას უკავშირდება. საქართველოს მხრიდან დოკუმენტებს ხელი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა, ხოლო აზერბაიჯანის მხრიდან — ეკონომიკის მინისტრმა მიქაილ ჯაბაროვმა და ენერგეტიკის მინისტრმა ფარვიზ შაჰბაზოვმა მოაწერეს.

გაფორმდა ორმხრივი საკოორდინაციო საბჭოს პროტოკოლი, რომლის თანახმად ბაქო-თბილისი-ყარსის ახალი სარკინიგზო მონაკვეთი სრულ ექსპლუატაციაში შევა.
დოკუმენტს ხელი მარიამ ქვრივიშვილმა და აზერბაიჯანის ციფრული განვითარებისა და ტრანსპორტის მინისტრმა რაშად ნაბიევმა მოაწერეს.

მიღწეული შეთანხმების თანახმად, 6-წლიანი პაუზის შემდეგ, თბილისსა და ბაქოს შორის ყოველდღიური სამგზავრო სარკინიგზო მიმოსვლა 26 მაისიდან აღდგება. დოკუმენტების ხელმოწერის ცერემონიას ირაკლი კობახიძე და ილჰამ ალიევი დაესწრნენ.

 

Print Email
FaceBook Twitter Google
Bu kateqoriyaya aid digər xəbərlər