უცხოელი სტუდენტების რაოდენობა წლიურად 20%-ით გაიზარდა - რომელი ქვეყნებიდან ჩამოდიან სასწავლებლად საქართველოში
როგორც სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებში ვკითხულობთ, 2025-2026 სასწავლო წლისთვის საქართველოში ჯამში 44 440 უცხოელი სტუდენტი სწავლობს, 2024-2025 სასწავლო წლისთვის მათ რაოდენობა 37 125-ს შეადგენდა.

ამასთან, ამავე მონაცემების მიხედვით, 2025-2026 სასწავლო წლისთვის 36 895 უცხოელი სტუდენტი კერძო უნივერსიტეტში სწავლობდა, ხოლო 7 545 სახელმწიფოში.

მონაცემების მიხედვით, უცხოელი სტუდენტების 54% ინდოეთზე მოდის, შემდეგ პოზიციებზეა ისრაელი 6%-ით და იორდანია
5.6%-ით.
უფრო კონკრეტულად, „ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ იმ ქვეყნების ათეულს, საიდანაც ყველაზე მეტი სტუდენტი ჰყავს საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებს:

  • ინდოეთი - 23 906
  • ისრაელი - 2 781
  • იორდანია - 2 523
  • პაკისტანი - 2 280
  • სუდანი - 2 211
  • ლიბანი - 1 511
  • ეგვიპტე - 1 172
  • გაერთიანებული სამეფო - 1 005
  • აზერბაიჯანი - 896
  • რუსეთი - 745
  • ბანგლადეში - 503
ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროს ავტორობით „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონსა და მისგან გამომდინარე საკანონმდებლო აქტებში ცვლილებების პროექტი მომზადდა.

როგორც უწყება განმარტავს, მოქმედი სამართლებრივი ჩარჩო არ ითვალისწინებს უცხოელი სტუდენტის სწავლასთან დაკავშირებით დეტალურ რეგულაციებს. მათივე ინფორმაციით, პრაქტიკაში არის შემთხვევები, როდესაც უცხო ქვეყნის მოქალაქე ფორმალურად ირიცხება უნივერსიტეტში, თუმცა რეალურად სასწავლო პროცესში მისი მონაწილეობა არ დასტურდება.

შსს-ს განცხადებით, ცვლილებებით განისაზღვრება უმაღლეს და პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში უცხოელი სტუდენტების მიღების ისეთი დამატებითი წინაპირობები, როგორიცაა, ენის საერთაშორისო სერტიფიკატის წარდგენა ან/და NAEC-ის მიერ ორგანიზებული უცხო ენის/სახელმწიფო ენის გამოცდის ჩაბარება.

ამასთან, საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებული იქნება უცხოელი სტუდენტის შესახებ ყველა საჭირო ინფორმაცია ასახოს ერთიან საინფორმაციო სისტემაში, რომელზეც წვდომა ექნებათ შესაბამის სახელმწიფო უწყებებს.

საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის დგინდება ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა უცხოელი სტუდენტების აღრიცხვის წესების დარღვევისთვის, ხოლო სანქციის სახედ შეიძლება გამოყენებულ იქნეს როგორც ჯარიმა, ასევე უცხოელი სტუდენტების მიღების შეზღუდვა და ავტორიზაციის გაუქმება.


წყარო: BPN

Print Email
FaceBook Twitter Google
Bu kateqoriyaya aid digər xəbərlər