“სოკარი" საქართველოში 72 მეჩეთს ბუნებრივი აირით უფასოდ უზრუნველჰყოფს“-რამინ იგიდოვი
“სოკარი" საქართველოში 72 მეჩეთს ბუნებრივი აირით უფასოდ უზრუნველჰყოფს. ამის შესახებ რადიო მარნეულთან საუბრისას სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს თავმჯდომარემ, შეიხ ჰაჯი რამინ იგიდოვმა განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოში დაახლოებით 330-მდე მეჩეთია და უმეტესობა ბუნებრივი აირით ვერ სარგებლობს.

„საქართველოში არის ისეთი ტერიტორიები, სადაც ბუნებრივი აირი არაა. ისეთი მეჩეთებიც არის, რომელიც რეგიონებში მდებარეობს და იმ ტერიტორიიდან ბუნებრივი აირის მილი არ გადის. თუ ბუნებრივ აირს გაიყვანენ, ჩვენი სამმართველო მეჩეთის ბუნებრივი აირით უზრუნველყოფისთვის შესაბამის ორგანოებს მივმართავთ“.

იგიდოვი აღნიშნავს, რომ სალოცავებში გათბობის არსებობა საჭიროა და ამისათვის ჯერ კიდევ 2015 წელს მიმართეს "სოკარს".

„ყველა მიმართვას სოკარი ითვალისწინებენ ხოლმე და საქართველოში ყოველ წელს უფრო და უფრო იმატებს სალოცავების ბუნებრივი აირით უზრუნველყოფა“.

სამმართველოს უფროსი აცხადებს, რომ კომპანიამ გასულ წელს მეჩეთების გასათბობად 102 000 ლარი გაითვალისწინა.

„წელს მივმართეთ, რომ მეჩეთების ბუნებრივი აირით უზრუნველყოფის ლიმიტი 110 000 ლარამდე გაზარდონ. იმიტომ, რომ მეჩეთების რაოდენობა ყოველ წელს იმატებს. შარშანდელი თანხა საკმარისი არაა. იმიტომ, რომ თითო მეჩეთზე საშუალოდ ყოველ წელს 1500-1600 ლარია გათვალისწინებული“.

იგიდოვი აღნიშნავს, რომ ბუნებრვ აირს უფასოდ ქვემო ქართლის რეგიონში მდებარე მეჩეთის უმრავლესობა იღებს.

რადიო "მარნეული"
Print