რა ბაზას ქმნის “ოცნება” და ვის შეიყვანენ მასში – პაპუაშვილის განმარტება
“ქართული ოცნება” აანონსებს საჯარო რეესტრის შექმნას, სადაც შეიყვანენ იმ ადამიანების მონაცემებს, ვინც, მათი მტკიცებით, “ძალადობაში, სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებებში, მუქარასა და შანტაჟში არის ჩართული, ან ამგვარ ქმედებებს საჯაროდ იწონებს”. ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

“ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით, პარტიული სტრუქტურების მეშვეობით, ვიწყებთ მონაცემთა ბაზის შექმნას, სადაც თავს მოიყრის ინფორმაცია ყველა იმ პირის შესახებ,
რომელიც ძალადობაში, სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებებში, მუქარასა და შანტაჟში არის ჩართული, ან ამგვარ ქმედებებს საჯაროდ იწონებს. ეს მონაცემთა ბაზა განთავსდება სპეციალურ ვებ-გევრდზე და იქნება საჯარო და გამჭვირვალე საქართველოს მოქალაქეებისთვის. ამ პირთა წინააღმდეგ კონსტიტუციისა და კანონის ფარგლებში მიღებული იქნება ყველა ზომა, რათა კანონდარღვევა, ძალადობა და მუქარა არ დარჩეს სახელმწიფოს თუ საზოგადოების რეაგირების გარეშე”,
– განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მისი მტკიცებით, რუსული კანონის საპროტესტო აქციები, რომლის ძირითადი ბირთვი ახალგაზრდები არიან, ძალადობრივი ხასიათისაა. პაპუაშვილი განმარტავს, რომ მონაცემთა ბაზის შექმნის მიზანი არა მხოლოდ სახელმწიფო ინსტიტუტებისა და სამართალდამცავების, არამედ “საზოგადოების გამორჩეული წევრების ლეგიტიმური ინტერესების” დაცვაა.

უფრო კონკრეტულად, პაპუაშვილი გულისხმობს იმ ცნობილ და ამა თუ იმ სფეროში წარმატებულ ადამიანებს, ვისგანაც საზოგადოებას, ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, საჯარო პოზიციის დაფიქსირების მოლოდინი აქვს. პაპუაშვილის შეფასებით ეს არის “მორალური ტერორი” და “შანტაჟი”. ამიტომ, “პარტიამ და პოლიტსაბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ შეიქმნას ასეთი ბაზა, ვებ-გვერდი, სადაც ეს ადამიანები, რომლებიც საჯაროდ ჩანს, როგორ ძალადობენ ფიზიკურად სხვებზე, ვხედავთ მუქარას, ვხედავთ შანტაჟს – ეს ყველაფერი თან საჯაროდაც ხდება – ყველა ეს ადამიანი იქნება მხილებული და შემდეგ საზოგადოება თავისთავად განსჯის და ჩამოაყალიბებს თავის აზრს ამ ადამიანებთან დაკავშირებით”.

„ქართული ოცნება“ კიდე ერთხელ აპირებს რუსული კანონის მიღებას, რომელიც 2023 წლის მარტში მასობრივი პროტესტის შედეგად უკან გაიწვიეს. „ქართულმა ოცნებამ“ გასულ წელს დადო პირობა, რომ რუსულ კანონს აღარ დაუბრუნდებოდნენ, მაგრამ პირობა დაარღვია. ქართულმა ოცნებამ კანონპროექტის პირვანდელი ფორმულირებიდან მხოლოდ სიტყვა "აგენტი" ამოიღო და ის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით შეცვალა.
კანონის მიხედვით, ყველა არასამთავრობო და მედიაორგანიზაცია, რომლის შემოსავლების 20%-ზე მეტი უცხოეთიდან არის მიღებული უცხოური ძალია ინტერესების გამტარებლად ჩაითვლება. სახელმწიფო არ გამოიკვლევს თუ რას საქმიანობენ და რა მიზნებს ემსახურებიან ეს ორგანიზაციები და მათ ყველას უცხოური ძალის ინტერესის გამტარებლად შერაცხავს.
კანონი მიმართულია ევროპასა და ამერიკისაგან შემოსულ დაფინანსებებზე და არა მტრულად განწყობილი ქვეყნებიდან შემოსულ დაფინანსებებზე, როგორც ეს ცივილიზებულ ქვეყნებშია.
კანონის ინიცირების გამო შეშფოთება გამოთქვეს ევროკავშირის წევრმა და საქართველოს მეგობარი ქვეყნების ლიდერებმა, რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა კი „ქართული ოცნების“ კანონი მოიწონა.
Print Email
FaceBook Twitter Google
Bu kateqoriyaya aid digər xəbərlər