ქუჩაში სცემეს „აგენტების კანონის“ მოწინააღმდეგე აქტივისტს
8 მაისის ღამეს ქუჩაში სცემეს „აგენტების კანონის“ მოწინააღმდეგე აქტივისტს, ლაშა ღვინიანიძეს. ის ამ დროს იყო მეგობართან ერთად, რომელმაც ძალადობის ფაქტის მხოლოდ ფრაგმენტის გადაღება შეძლო.

ღვინიანიძეს მიყენებული დაზიანების გამო ქვედა ტუჩზე ჭრილობის გაკერვა დასჭირდა. ის „TV პირველს“ კლინიკიდან ესაუბრა.

„ეს დაკავშირებულია ჩემს აქტიურობასთან... დღეს 72 წლის მამას დაურეკეს და დაემუქრნენ, საღამოს აასრულეს მუქარა, რომელზეც ყველას გვეგონა, რომ სატელეფონო ხუმრობები იქნებოდა“, - ამბობს აქტივისტი, რომელიც 11 მაისს თბილისში დაგეგმილი მარშის ერთ-ერთი ორგანიზატორია.

დღესვე ფიზიკურად გაუსწორდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ დიმიტრი ჩიქოვანს. „გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერი ზურა ჯაფარიძე ფეისბუკში წერს, რომ მის ძმაზეც იძალადეს.

მეორე დღეა, დაუდგენელი პირები „აგენტების კანონის“ მოწინააღმდეგეებს პირად
სატელეფონო ნომრებზე ურეკავენ, აგინებენ და ემუქრებიან.
ამ კანონპროექტის ხელახალ ინიციირებას თბილისში ხალხმრავალი პროტესტი მოჰყვა - მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ ამბობს, რომ წელს ამ კანონპროექტს მიიღებენ.

ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში „აგენტების კანონის“ მოწინააღმდეგე პოლიტიკოსებსაც სცემეს. პოლიციელებს ძალადობაში ადანაშაულებენ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი და პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი.
წყარო: radiotavisupleba.ge

„ქართული ოცნება“ კიდე ერთხელ აპირებს რუსული კანონის მიღებას, რომელიც 2023 წლის მარტში მასობრივი პროტესტის შედეგად უკან გაიწვიეს. „ქართულმა ოცნებამ“ გასულ წელს დადო პირობა, რომ რუსულ კანონს აღარ დაუბრუნდებოდნენ, მაგრამ პირობა დაარღვია. ქართულმა ოცნებამ კანონპროექტის პირვანდელი ფორმულირებიდან მხოლოდ სიტყვა "აგენტი" ამოიღო და ის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით შეცვალა.
კანონის მიხედვით, ყველა არასამთავრობო და მედიაორგანიზაცია, რომლის შემოსავლების 20%-ზე მეტი უცხოეთიდან არის მიღებული უცხოური ძალია ინტერესების გამტარებლად ჩაითვლება. სახელმწიფო არ გამოიკვლევს თუ რას საქმიანობენ და რა მიზნებს ემსახურებიან ეს ორგანიზაციები და მათ ყველას უცხოური ძალის ინტერესის გამტარებლად შერაცხავს.
კანონი მიმართულია ევროპასა და ამერიკისაგან შემოსულ დაფინანსებებზე და არა მტრულად განწყობილი ქვეყნებიდან შემოსულ დაფინანსებებზე, როგორც ეს ცივილიზებულ ქვეყნებშია.
კანონის ინიცირების გამო შეშფოთება გამოთქვეს ევროკავშირის წევრმა და საქართველოს მეგობარი ქვეყნების ლიდერებმა, რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა კი „ქართული ოცნების“ კანონი მოიწონა.
Print Email
FaceBook Twitter Google
Bu kateqoriyaya aid digər xəbərlər