„დარჩით ევროკავშირის გზაზე" - ელჩი ჰერჩინსკი საქართველოს მიმართავს
9 მაისი ევროპის დღეა. მას საქართველო წლებია აღნიშნავს, თუმცა პირველად - როგორც ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა. საქართველომ ეს სტატუსი 2023 წლის დეკემბერში მიიღო.

ევროპის დღე, რომელიც ყოველწლიურად 9 მაისს აღინიშნება, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრ რობერტ შუმანის დეკლარაციის პატივსაცემად დაწესდა. 1950 წლის 9 მაისს შუმანმა პარიზში წარმოადგინა იდეა პოლიტიკური თანამშრომლობის ახალი ფორმის შესახებ, რომელიც ევროპის ქვეყნებს შორის ნახშირისა
და ფოლადის მარაგების გაზიარებას ითვალისწინებდა და ევროპაში ომს წარმოუდგენელს ხდიდა. ამ კონცეფციამ საფუძველი ჩაუყარა გაერთიანებას, რომელსაც დღეს ევროკავშირი ეწოდება და 27 სახელმწიფოს 447 მილიონამდე მოქალაქის მშვიდობას და კეთილდღეობას უზრუნველყოფს.

ევროპის დღის აღსანიშნავად საქართველოს მოქალაქეებისადმი მიმართვა გაავრცელა ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ:

„ყოველწლიურად, სწორედ ამ დღეს, ჩვენ ვფიქრობთ იმ გზაზე, რომელიც მშვიდობისა და თანამშრომლობის ხედვით დაიწყო და 27 ქვეყნის ყველაზე წარმატებულ და აყვავებულ კავშირში გადაიზარდა. მათ განსხვავებული ისტორია და კულტურა აქვთ, მაგრამ ყველა საერთო ღირებულებებითა და მისწრაფებებით არის გაერთიანებული".

ელჩი ჰერჩინსკი საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებას უწოდებს „მართლაც ისტორიულ მოვლენას ჩვენს საერთო ევროპულ გზაზე":

„საქართველოსთვის მიზანია, ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი გახდეს, ისარგებლოს წევრობის ყველა პრივილეგიით და ასევე იკისროს ამ წევრობიდან გამომდინარე ყველა პასუხისმგებლობა. ამისთვის საქართველომ ევროკავშირის ღირებულებების ძლიერი ერთგულება უნდა გამოავლინოს და საჭირო რეფორმები განახორციელოს".

2024 წლის ბოლოს ევროკავშირი გადაწყვეტს, გადადგამს თუ არა საქართველო შემდეგ ნაბიჯს მისი წევრობისკენ და დაწყება თუ არა მოლაპარაკების პროცესი. როგორც პაველ ჰერჩინსკი აცხადებს: „ეს შესაძლებლობა არსებობს სწორედ ახლა. არ გაუშვათ ის ხელიდან. ჩვენი კავშირის კარი საბოლოოდ ფართოდ ღიაა! გელოდებით!"

ელჩის სიტყვებით, ევროკავშირს სურს, რომ საქართველო თავისი უნიკალური კულტურითა და ტრადიციებით გახდეს ოჯახის, ევროკავშირის ნაწილი: „დარჩით ევროკავშირის გზაზე! და დარწმუნებული იყავით, რომ ჩვენ ამ გზაზე თქვენს გვერდით ვართ. ასე რომ, მოდი, აღვნიშნოთ ევროპის დღე და საქართველო ევროკავშირის წევრობას ხელიხელჩაკიდებულებმა მივუახლოოთ".
ევროკავშირის წევრობისკენ საქართველოს შემდგომ სვლას საფრთხე შეუქმნა მმართველი პარტიის მიერ 2024 წლის აპრილში მიღებულმა გადაწყვეტილებამ, პარლამენტში განსახილველად დაებრუნებინა „აგენტების კანონი" (კანონპროექტი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ), რომელიც „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად" აცხადებს იმ არასამთავრობო და მედიაორგანიზაციებს, რომელთა შემოსავლის 20%-ზე მეტი უცხოეთიდანაა მიღებული.

„ქართული ოცნება" ორი მოსმენით უკვე მიღებული კანონპროექტის მიზნად ასახელებს უცხოეთიდან დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციების და მედიასაშუალებების გამჭვირვალობას და სახელმწიფო სუვერენიტეტის დაცვას.

არასამთავრობო და მედიაორგანიზაციები, რომლებსაც დასავლელი დონორები აფინანსებენ, აცხადებენ, რომ მათი შემოსავლები ისედაც დეკლარირებული და გამჭვირვალეა, ამიტომ ხელისუფლების რეალური მიზანია, საქმიანობა შეუზღუდოს იმ ორგანიზაციებს, რომლებიც ადამიანის უფლებების, კორუფციის და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე მუშაობენ.

საქართველოში აპრილიდან გრძელდება ხალხმრავალი საპროტესტო გამოსვლები კანონის წინააღმდეგ, რომელსაც სამოქალაქო საზოგადოება და ოპოზიციური პარტიები რუსულს უწოდებენ.

ევროკავშირის მაღალჩინოსნებმა საქართველოს ხელისუფლება არაერთხელ გააფრთხილეს, რომ ამ კანონის მიღება შეაფერხებს ევროკავშირისკენ საქართველოს სვლას.
წყარო: radiotavisupleba.ge

„ქართული ოცნება“ კიდე ერთხელ აპირებს რუსული კანონის მიღებას, რომელიც 2023 წლის მარტში მასობრივი პროტესტის შედეგად უკან გაიწვიეს. „ქართულმა ოცნებამ“ გასულ წელს დადო პირობა, რომ რუსულ კანონს აღარ დაუბრუნდებოდნენ, მაგრამ პირობა დაარღვია. ქართულმა ოცნებამ კანონპროექტის პირვანდელი ფორმულირებიდან მხოლოდ სიტყვა "აგენტი" ამოიღო და ის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით შეცვალა.
კანონის მიხედვით, ყველა არასამთავრობო და მედიაორგანიზაცია, რომლის შემოსავლების 20%-ზე მეტი უცხოეთიდან არის მიღებული უცხოური ძალია ინტერესების გამტარებლად ჩაითვლება. სახელმწიფო არ გამოიკვლევს თუ რას საქმიანობენ და რა მიზნებს ემსახურებიან ეს ორგანიზაციები და მათ ყველას უცხოური ძალის ინტერესის გამტარებლად შერაცხავს.
კანონი მიმართულია ევროპასა და ამერიკისაგან შემოსულ დაფინანსებებზე და არა მტრულად განწყობილი ქვეყნებიდან შემოსულ დაფინანსებებზე, როგორც ეს ცივილიზებულ ქვეყნებშია.
კანონის ინიცირების გამო შეშფოთება გამოთქვეს ევროკავშირის წევრმა და საქართველოს მეგობარი ქვეყნების ლიდერებმა, რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა კი „ქართული ოცნების“ კანონი მოიწონა.
Print Email
FaceBook Twitter Google
Bu kateqoriyaya aid digər xəbərlər