ზურა ჯაფარიძე: მეორედ ჩამისაფრდნენ, გამაფრთხილებლად ვისროლე და გაიქცნენ
პარტია „გირჩი მეტი თავისუფლების“ განცხადებით, „გირჩი TV-ს“ ოფისთან ზურა ჯაფარიძეს ნიღბიანი პირები დღესაც ჩაუსაფრდნენ.

პარტიაში ამბობენ, რომ იმ დროს, როცა ჯაფარიძე საკუთარ მანქანასთან მიდიოდა, უცნობი ნიღბიანი პირი გადმოვიდა მანქანიდან, რა დროსაც ზურაბ ჯაფარიძემ მისი კუთვნილი რეგისტრირებული იარაღიდან ჰაერში განახორციელა გამაფრთხილებელი გასროლა.

აღნიშნულის შემდეგ პარტიის განცხადებით, ნიღბიანი პირი გაიქცა, დანარჩენებს კი დაუყვირა და გაქცევისკენ მოუწოდა:

„ზურაბ ჯაფარიძეს “გირჩი ტივის” ოფისთან კვლავ დახვდა ჩასაფრებული მანქანა, მერსედესი, გერმანული ნომრებით.
სამი ან ოთხი ადამიანი იყო შიგნით.

როგორც კი ზურაბ ჯაფარიძემ მანქანას ჩაუარა, რომ საკუთართან მისულიყო, მანქანიდან გადმოვიდა ნიღბიანი ადამიანი, რა დროსაც ზურაბ ჯაფარიძემ მისი კუთვნილი რეგისტრირებული იარაღიდან ჰაერში განახორციელა გამაფრთხილებელი გასროლა ცის მიმართულებით.

ნიღბიანი პიროვნება გაიქცა, დანარჩენებს კი დაუყვირა და გაქცევისკენ მოუწოდა. მანქანა უმალ დაქოქა და მიწისქვეშა გვირაბის მიმართულებით გაიქცნენ“
,— აცხადებენ პარტიაში.

მომხდარზე დაწერა თავად ზურა ჯაფარიძემაც. მისი თქმით, როგორც კი მანქანას ჩაუარა, იქიდან პირბადიანი პირი გადმოხტა, მანქანიდან გადმოსვლას აპირებდა მეორე ადამიანიც, რა დროსაც ცისკენ გაისროლა:

„მეორედ ჩამისაფრდნენ დღეს, ამჯერად დღისით. გირჩი ტვ-დან გამოვედი, მანქანა განათლების სამინისტროს წინ მყავდა დაპარკინგებული, ამ ფოტოზე რომ მანქანაა.

მაგას როგორც კი ჩავუარე, გადმოხტა პირბადიანი კუნთმაგარი ვირთხა და გამოექანა ჩემკენ. ასევე გაიღო მანქანის მეორე კარიც და მეორე ვირთხაც აპირებდა გადმოსვლას. ჰაერში ვისროლე და დავემუქრე. პირველი ვირთხა ისე სწრაფად გაიქცა, ვერ დავინახე, სად შეძვრა.

ეს მერსედესი ადგილზე დაბუქსავდა და სწრაფად დაეშვა მიწისქვეშა გვირაბში. ბევრი მოწმე იყო გარშემო, დაადასტურებენ, რასაც ვწერ, თუ საჭირო გახდა“,
— წერს ჯაფარიძე.

7-8 მაისს განხორციელდა მუქარის შემცველი და შეურაცხმყოფელი სატელეფონო ზარები ანტირუსული პროტესტის მონაწილეებთან.

8 მაისს ღამით განხორციელდა თავდასხმები ანტირუსული აქციების მონაწილეებსა და მათი ოჯახის წევრებზე. ყველა მათგანს უცნობი პირები თავს საცხოვრებელ სახლებთან დაესხნენ. მათ შორის, 8 მაისს, ღამით სცემეს ანტირუსული აქციების მონაწილე ბაიკერი ლაშა ღვინიანიძე, ყოფილი დიპლომატი გია ჯაფარიძე, რომელიც „რუსული კანონის“ საწინააღმდეგო აქციების აქტიური მონაწილეა და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი დიმა ჩიქოვანი. ყველა მათგანს უცნობი პირები თავს საცხოვრებელ სახლებთან დაესხნენ.

თავდასხმები გაგრძელდა 9 მაისის ღამითაც. კერძოდ, საცხოვრებელ სახლთან ჩაუსაფრდნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ პარტია „გირჩი მეტი თავისუფლების“ წევრ ბორის ჩელე ყურუას და პარტია „ახალის“ წევრ ნოდარ ჩაჩანიძეს. ასევე ნიღბიანი პირები იყვნენ ჩასაფრებული ზურა ჯაფარიძის სახლთანაც.




„ქართული ოცნება“ კიდე ერთხელ აპირებს რუსული კანონის მიღებას, რომელიც 2023 წლის მარტში მასობრივი პროტესტის შედეგად უკან გაიწვიეს. „ქართულმა ოცნებამ“ გასულ წელს დადო პირობა, რომ რუსულ კანონს აღარ დაუბრუნდებოდნენ, მაგრამ პირობა დაარღვია. ქართულმა ოცნებამ კანონპროექტის პირვანდელი ფორმულირებიდან მხოლოდ სიტყვა "აგენტი" ამოიღო და ის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით შეცვალა.
კანონის მიხედვით, ყველა არასამთავრობო და მედიაორგანიზაცია, რომლის შემოსავლების 20%-ზე მეტი უცხოეთიდან არის მიღებული უცხოური ძალია ინტერესების გამტარებლად ჩაითვლება. სახელმწიფო არ გამოიკვლევს თუ რას საქმიანობენ და რა მიზნებს ემსახურებიან ეს ორგანიზაციები და მათ ყველას უცხოური ძალის ინტერესის გამტარებლად შერაცხავს.
კანონი მიმართულია ევროპასა და ამერიკისაგან შემოსულ დაფინანსებებზე და არა მტრულად განწყობილი ქვეყნებიდან შემოსულ დაფინანსებებზე, როგორც ეს ცივილიზებულ ქვეყნებშია.
კანონის ინიცირების გამო შეშფოთება გამოთქვეს ევროკავშირის წევრმა და საქართველოს მეგობარი ქვეყნების ლიდერებმა, რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა კი „ქართული ოცნების“ კანონი მოიწონა.
Print Email
FaceBook Twitter Google
Bu kateqoriyaya aid digər xəbərlər