რუსების მიერ უცხოურ მიმართულებებს შორის მაისის მთლიან ავიაჯავშნებში
ყველაზე მეტად,
111%-ით ბათუმის წილი გაიზარდა, ხოლო მეორე ადგილზე 92%-იანი ზრდით
კვიპროსის ლარნაკაა. ამ მიმართულებებმა, 2024 წლის ანალოგიურ
პერიოდთან შედარებით, ორჯერ მეტი ზრდა აჩვენა.
ამის შესახებ ავიაბილეთების რუსულ სერვის Aviasales-ის კვლევაში
წერია, რასაც TASS ავრცელებს.
კვლევის თანახმად, მაისში ბათუმში დასვენების საშუალო ხანგრძლივობა
ერთ კვირას შეადგენს, ხოლო მთლიან ჯავშნებში 7% ბავშვებისთვისაა. ერთ
ზრდასრულ ადამიანზე ეკონომკლასის ავიაბილეთის საშუალო ფასი 15.7 ათასი
რუბლია (192 დოლარია), რაც, გასული წლის მაისთან შედარებით, 23%-ით
ნაკლებია.
შედარებისთვის: ლარნაკაში რუსი ტურისტები, საშუალოდ, 12 დღით რჩებიან,
ხოლო ბავშვებთან ერთად დასვენება ანალოგიურად მთლიანი დაჯავშნების
7%-ს შეადგენს. ავიაბილეთის საშუალო ღირებულება 29.8 ათასი რუბლია
(364 დოლარია), რაც, წინა წელთან შედარებით, 29.5%-ით ნაკლებია.
პროცენტული ზრდით მესამე ადგილზე ეგვიპტის კურორტი, შარმ-ელ-შეიხია,
სადაც ფრენებზე მოთხოვნა წლის განმავლობაში მნიშვნელოვნად, 65%-ით
გაიზარდა. ქალაქში დასვენების საშუალო ხანგრძლივობა 9 დღეს შეადგენს,
ხოლო მთლიან დაჯავშნებში 17% ბავშვებთან ერთად მოგზაურობის წილია. ერთ
ზრდასრულ ადამიანზე ეკონომკლასის ავიაბილეთის საშუალო ფასი 24.7 ათასი
რუბლია (302 დოლარია), რაც გასული წლის საშუალო ფასზე 19%-ით
მეტია.
მთლიანობაში, რუსების მიერ მაისში უცხოური დაჯავშნების წილი, გასულ
წელთან შედარებით, 8%-ით გაიზარდა და ყველა სხვა დაჯავშნების 37%-ს
შეადგენს. უცხოურ მიმართულებებში ყველაზე დიდი წილი სტამბოლს,
ტაშკენტს, ერევანს, ანტალიასა და მინსკს უკავია.