თურქული მედია საინტერესო სამედიცინო შემთხვევაზე წერს, რომელიც
თურქეთში, კონიაში მოხდა.
67 წლის კაცმა, რაჰმი კარადემირმა, რომელმაც ინსულტი გადაიტანა,
კონიაში მდებარე საუნივერსიტეტო კლინიკაში სამედიცინო ჩარევის შემდეგ
მოულოდნელად დაიწყო საუბარი დანიურ ენაზე, რომელსაც მრავალი წლის
განმავლობაში არ იყენებდა და დაავიწყდა თურქული, მშობლიური ენა.
კაცი დანიაში 20 წლის განმავლობაში ცხოვრობდა და შემდეგ დასახლდა
კონიაში, თუმცა მრავალი წლის განმავლობაში დანიურად აღარ
საუბრობდა.
კაცს აპრილის შუა რიცხვებში ორთოპედიულ განყოფილებაში მუხლის ოპერაცია
ჩაუტარდა, ოპერაციიდან ორი დღის შემდეგ კი მარჯვენა ხელ-ფეხი
მოულოდნელად გაეთიშა და მეტყველებაც შეუფერხდა. დიაგნოსტიკის შემდეგ
აღმოჩნდა, რომ მისი ტვინის მარცხენა მხარეს ერთ-ერთი მთავარი არტერია
სისხლის კოლტით იყო დახშული.
თრომბის ამოღების შემდეგ პაციენტს ნევროლოგიური სიმპტომები სწრაფად
გაუქრა, თუმცა საუბარი დანიურ ენაზე დაიწყო.
„პაციენტს თურქულად საუბარი აღარ შეეძლო, თუმცა
თავისუფლად ფლობდა დანიურ ენას, რომელიც გვეგონა, რომ დავიწყებული
ჰქონდა. სამედიცინო ლიტერატურაში აღწერილია იშვიათი შემთხვევები,
როდესაც რამდენიმე ენაზე მოლაპარაკე ადამიანები ინსულტის შემდეგ
კარგავენ ერთ ენას, ხოლო მეორე მოულოდნელად აქტიურდება“
– ციტირებს თურქული გამოცემა „ანადოლუ“ კლინიკის პროფესორს, გოხან
ოზდემირს.
ექიმი ამბობს, რომ მოსალოდნელია პაციენტმა მოკლე ხანში სრულიად
აღიდგინოს თურქული ენა.
რაჰმი კარადემირის შვილი ამბობს, რომ მამამისს
დანიურად მრავალი წლის
განმავლობაში არ უსაუბრია.
„როდესაც მან დანიურად დაიწყო ლაპარაკი, შოკირებული
დავრჩით. მას ესმის თურქული, მაგრამ არ შეუძლია
საუბარი“.
რაჰმი კარადემირმა თავად ახსნა სიტუაცია შვილს თარგმანის
მეშვეობით:
„მესმის თურქული, მაგრამ ვერ ვლაპარაკობ. ვცდილობ
სიტყვების დამახსოვრებას, მეხსიერებას ვძაბავ. იმედი მაქვს, ყველაფერი
მალე გაივლის. დანიური ჩემს თავშია, მაგრამ თურქული საერთოდ არ
მახსოვს“, – თქვა მან.