მარნეულის მერიის მიერ გამოცხადებულ სატელევიზიო მომსახურების 150 000
ლარიან ტენდერში მონაწილეობა მხოლოდ ერთმა კომპანიამ - შპს „რეგიონ
ტვ“-მ (ყოფილი „მარნეული ტვ“) მიიღო.
ტელეკომპანია ადგილობრივ თვითმმართველობას 148 460 ლარად პირდება
მომსახურებას, რომელიც მოიცავს მერიის განცხადებების ქართულ და
აზერბაიჯანულ ენებზე გავრცელებას, მერის, მისი მოადგილის,
სამსახურებისა და განყოფილებების ხელმძღვანელების პირდაპირ ეთერში
ჩართვას, ასევე ბრიფინგების, ანგარიშებისა და სხვადასხვა
ღონისძიებების გაშუქებას.
სატენდერო
დოკუმენტაციაში აღნიშნულია:
„საკრებულოს სხდომების, თათბირების, ბიუროს სხდომების
(შეთანხმებით), ანგარიშების ან/და მერის, მისი მოადგილეებისა და
სამსახურის უფროსების თათბირების და ანგარიშების სატელევიზიო ეთერში
განთავსება, თითოეული ერთეულის ქრონომეტრაჟით არანაკლებ 10 წუთისა,
როგორც ქართულ, ისე აზერბაიჯანულ ენაზე“.
ამ ეტაპზე კომპანიის შერჩევა-შეფასების პროცესი მიმდინარეობს, თუმცა,
ვინაიდან ტენდერში მას კონკურენტი არ ჰყოლია, სავარაუდოდ, სწორედ
„რეგიონ ტვ“ გაუწევს მარნეულის მერიას აღნიშნულ მომსახურებას.
ტენდერის პირობების თანახმად, გამარჯვებულმა კომპანიამ უნდა მოამზადოს
და ეთერში განათავსოს საიმიჯო ვიდეორგოლებიც. ვიდეომასალა უნდა
ასახავდეს მარნეულის მერიის მიერ განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ,
კულტურულ, ტურისტულ, სოციალურ, ახალგაზრდულ და სპორტულ პროექტებსა და
ღონისძიებებს.
აღსანიშნავია, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი
თვითმმართველობა სატელევიზიო მომსახურებას წინა წლებშიც ყოველწლიურად,
წლის დასაწყისში ყიდულობდა. ამ ტენდერებში, როგორც წესი, უკონკურენტოდ
„მარნეულის ტელევიზია“ იმარჯვებდა.
ტელევიზიის გასხვისების შემდეგ მედიასაშუალებამ რებრენდინგი
განახორციელა და ახალი სახელწოდებით „რეგიონ ნიუსი“ -ით განაგრძო
საქმიანობა.