მარნეულის „ახალგაზრდული იდეების კონკურსში“ განაცხადების შეტანა 7 აგვისტოს სრულდება
2020 წლის 21 ივნისს მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიამ „ახალგაზრდული იდეების კონკურსი“ გამოაცხადა.

კონკურსში მონაწილეობის მიღება მარნეულში რეგისტრირებულ ახალგაზრდულ ორგანიზაციებს, საინიციატივო ჯგუფებსა და დაინტერესებულ ახალგაზრდებს შეუძლიათ.

მუნიციპალიტეტში განაცხადების მიღება 7 აგვისტოს მთავრდება. რადიო „მარნეულთან“ საუბრისას მერიის ახალგაზრდულ საქმეთა სპეციალისტმა მარიამ ტყეშელაშვილმა განაცხადა, რომ მუნიციპალიტეტში 15-დან 20-მდე საპროექტო განაცხადის მიღებას ელოდებიან.

„ჩვენ, გარდა იმისა, რომ გამოვაქვეყნეთ ინფორმაცია ოფიციალური სოციალური გვერდებისა და საიტის მეშვეობით, პირადად დავეკონტაქტეთ ყველა იმ სამოქალაქო აქტივისტსა და ახალგაზრდას, რომლებიც მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ადგილობრივ ახალგაზრდულ სექტორში. გარდა ამისა, დავეკონტაქტეთ სოფლებში ახალგაზრდულ ცენტრებს რომლებიც ამ პროექტების შემოტანასთან დაკავშირებით მუშაობენ“ - გვითხრა მარიამ ტყეშელაშვილმა

მარნეულის მერიის ახალგაზრდულ საქმეთა სპეციალისტის თქმით, ჯერ-ჯერობით კონკურსში მონაწილეთა ზუსტი რაოდენობა ცნობილი არაა, რადგან კონკურსში განაცხადების მიღება ორ დღეში დასრულდება.

„თუ უშუალოდ ახალგაზრდების მხრიდან ან ორგანიზაციების მხრიდან წამოვა ინიციატივა, რომ მათ არ ყოფნით დრო რომ დაწერონ პროექტი და სრულყოფილი სახით წარმოადგინონ, ვფიქრობ, რო საბჭო, რომელმაც უნდა განიხილოს ეს პროექტები, დედლაინის გადაწევის საკითხს განიხილავს, თუმცა ამ ეტაპზე, ეს საჭიროება არ დგას და არც არავის მოუმართავს ამ თხოვნით“ - გვითხრა მარიამ ტყეშელაშვილმა

მარნეულის მერიამ „ახალგაზრდული იდეების კონკურსისათვის“ 2020 წლის ბიუჯეტიდან 60 000 ლარი გამოყო. თითოეული პროექტის მაქსიმალური ღირებულება 3 000 ლარს არ უნდა აღემატებოდეს, შესაბამისად, მერიას 20 ახალგაზრდული პროექტის დაფინანსება შეუძლია.

„ახალგაზრდული იდეების კონკურსში“ წარმოდგენილი პროექტის ან ღონისძიების იდეა უნდა შეესაბამებოდეს ჩამოთვლილი მიზნებიდან ერთ-ერთს:

1. მოქალაქეობრივი ცნობიერების ამაღლება და ინტეგრაცია;
2. ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია;
3. გარემოს დაცვა;
4. თანასწორი შესაძლებლობები და სპეციალური საჭიროების მქონე ახალგაზრდების მხარდაჭერა;

პროექტების შეტანა, დაინტერესებულ პირებს, მარნეულის მერიის კანცელარიაში იქნება შესაძლებელი, ასევე საპროექტო განაცხადი შეგიძლიათ შეიტანოთ მერიის ოფიციალურ ელექტრონულ ფოსტაზე CLOAKING

პროექტების წარდგენის ბოლო ვადაა 2020 წლის 7 აგვისტო.

რადიო „მარნეული“

Print Email
FaceBook Twitter Google
Bu kateqoriyaya aid digər xəbərlər