დღეს, 7 ოქტომბერს, მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა
გაიმართა. სხდომაზე განსახილველად ოთხი საკითხი იყო გამოტანილი.
საკრებულოს სხდომა თავმჯდომარე ამირან გიორგაძემ 2021 წლის
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე საუბრით გახსნა. გიორგაძის
განმარტებით, არჩევნებმა საქართველოსა და მარნეულში მშვიდ ვითარებაში
ჩაიარა.
„მე თითოეულ მარნეულელს მინა მოვუხადო მადლობა იმისათვის,
რომ მიიღო მონაწილეობა არჩევნებში და დააფიქსირა საკუთარი აზრი, მხარი
დაუჭირა პოლიტიკურ პარტიას, რომელმაც გაიმარჯვა. ესაა პარტია „ქართული
ოცნება“ რადგან პარტიის მიერ წარმოდგენილმა ყველა მაჟორიტარმა
გაიმარჯვა“ - განაცხადა ამირან გიორგაძემ
აღსანიშნავია, რომ ამირან გიორგაძისა და „ქართული ოცნებისაგან“
განსხვავებით მარნეულში გამართულ
არჩევნებს ყველაზე უარყოფითად აფასებს „საერთაშორისო გამჭვირვალობა
საქართველო“ და აცხადებს, რომ ქვეყნის მასშტაბით ყველაზე ცუდი
მდგომარეობა მარნეულში იყო.
ამომრჩევლისათვის მადლობის გადახდის შემდგომ გიორგაძემ საკრებულოს
სხდომაზე განსახილველი პირველი საკითხი წარადგინა, რომელიც 2021 წლის
ბიუჯეტში ცვლილების შეტანას შეეხებოდა. საკითხის განხილვისას
მარნეულის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა ვუგარ
მამედოვმა განაცხადა, რომ ცვლილების შედეგად საკრებულოს სოციალური
მომსახურების მუხლში დაემატა 10 000 ლარი, რადგან დეკრეტული
შვებულებებისა და ბიულეტენების თანხა ამოიწურა.
„მერიის სხვადასხვა ხარჯების დასაფარავად ემატება 140 000
ლარი. თანხა ამოიწურა ავადმყოფთა სოციალურ დაცვაშიც და 170 000 ლარს
ვამატებთ, რათა წლის ბოლომდე სოციალურად დაუცველ მოსახლეობას
დავეხმაროთ. ცვლილებების გათვალისწინებით მარნეულის მუნიციპალიტეტის
ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტი განისაზღვრა 47 233 900 ლარის
ოდენობით“ - განაცხადა ვუგარ მამედოვმა
7 ოქტომბრის საკრებულოს სხდომაზე განიხილეს სტუდენტთა დაფინანსების
წესში ცვლილებების შეტანისა და ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ
ახალგაზრდული პროექტების დაფინანსების საკითხიც.
საკრებულოს წევრებმა მხარი ყველა საკითხს დაუჭირეს.
რადიო „მარნეული“