ახალციხეში მცხოვრებ აზერბაიჯანის მოქალაქეს ავტომობილი დაუზიანეს
ახალციხეში მცხოვრებ აზერბაიჯანის მოქალაქეს, რამინ მარდალიევს ავტომობილი დაუზიანეს. ამის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად sknews-მა გაავრცელა. მათივე ცნობით, შემთხვევა 4 აგვისტოს მოხდა და დამსხვრეულია მანქანის წინა და უკანა საქარე მინები.

როგორც მარდალიევი გამოცემასთან ამბობს, პირადად კონფლიქტი არავისთან ჰქონია. მისი თქმით, იმ დროს, როცა ეს ამბავი მოხდა, მეზობლები მისი სახლის ზემოთ სვამდნენ და ეჭვიც სწორედ მათზე აქვს.

“ღამის თორმეტი საათი იქნებოდა, ყველა ვიწექით სახლში, რამდენიმე კაცი მოვიდა, არ ვიცი, ვინ იყვნენ, 2-3 წუთში დააზიანეს მანქანა და ეგრევე გაიქცნენ. ხმაური გავიგე, სანამ ჩავიცვი და გამოვედი, უკვე წავიდნენ, ვერავინ ვიცანი. გამოვუძახე პოლიციას”
, — აცხადებს მარდალიევი.

მისივე თქმით, მომხდარზე პასუხს პოლიციისგან ამ დრომდე ელოდება.

“არაფერს მეუბნებიან, უყურადღებოდ ვარ, იმიტომ, რომ აზერბაიჯანის მოქლაქე ვარ”
, — აცხადებს მარდალიევი.

ინფორმაციის გადასამოწმებლად “ნეტგაზეთი” შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა, სადაც განუცხადეს, რომ ამ დროისთვის საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს და მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

Print Email
FaceBook Twitter Google
Bu kateqoriyaya aid digər xəbərlər