პარლამენტთან დღეს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის საწინააღმდეგო ორი აქცია გაიმართება
30 აპრილს, საქართველოს პარლამენტთან „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის საწინააღმდეგო აქცია ჩაინიშნა.

აქციები 12:00 და 19:00 საათზე არის დაგეგმილი.

„საქართველოს მთავრობა 30 აპრილს “რუსული კანონის” მეორე მოსმენით მიღებას აპირებს. ვაგრძელებთ წინააღმდეგობას და ვიკრიბებით პარლამენტთან: დილას 12:00 საათზე და საღამოს 19:00 საათზე“, - ნათქვამია აქციის ორგანიზატორების განცხადებაში.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ 30 აპრილს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო
უნივერსიტეტისა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები ერთობლივ მარშს გამართავენ.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა.


„ქართული ოცნება“ კიდე ერთხელ აპირებს რუსული კანონის მიღებას, რომელიც 2023 წლის მარტში მასობრივი პროტესტის შედეგად უკან გაიწვიეს. „ქართულმა ოცნებამ“ გასულ წელს დადო პირობა, რომ რუსულ კანონს აღარ დაუბრუნდებოდნენ, მაგრამ პირობა დაარღვია. ქართულმა ოცნებამ კანონპროექტის პირვანდელი ფორმულირებიდან მხოლოდ სიტყვა "აგენტი" ამოიღო და ის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით შეცვალა.
კანონის მიხედვით, ყველა არასამთავრობო და მედიაორგანიზაცია, რომლის შემოსავლების 20%-ზე მეტი უცხოეთიდან არის მიღებული უცხოური ძალია ინტერესების გამტარებლად ჩაითვლება. სახელმწიფო არ გამოიკვლევს თუ რას საქმიანობენ და რა მიზნებს ემსახურებიან ეს ორგანიზაციები და მათ ყველას უცხოური ძალის ინტერესის გამტარებლად შერაცხავს.
კანონი მიმართულია ევროპასა და ამერიკისაგან შემოსულ დაფინანსებებზე და არა მტრულად განწყობილი ქვეყნებიდან შემოსულ დაფინანსებებზე, როგორც ეს ცივილიზებულ ქვეყნებშია.
კანონის ინიცირების გამო შეშფოთება გამოთქვეს ევროკავშირის წევრმა და საქართველოს მეგობარი ქვეყნების ლიდერებმა, რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა კი „ქართული ოცნების“ კანონი მოიწონა.
Print Email
FaceBook Twitter Google
Bu kateqoriyaya aid digər xəbərlər