პარლამენტმა ცესკოს თავმჯდომარედ გიორგი კალანდარიშვილი აირჩია
პარლამენტმა ცესკოს თავმჯდომარედ გიორგი კალანდარიშვილი 5 წლის ვადით აირჩია.

კენჭისყრა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დღეს, 30 აპრილს, გაიმართა. კალანდარიშვილს მხარი 85-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი იყო – 16. კალანდარიშვილს მხარი დაუჭირა უმრავლესობის 81-მა წევრმა და „გირჩის“ 4-მა წევრმა.

პარლამენტმა ასევე აირჩია ცენტრალური საარჩევნო კომისიის 3 წევრი – მაია ზარიძე, გიორგი შარაბიძე და გია ცაცაშვილი.

ცესკოს თავმჯდომარის პოსტი
ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც თამარ ჟვანიამ თანამდებობა 2021 წლის ზაფხულში დატოვა. მას შემდეგ, იმის გამო, რომ ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის ცესკოს თავმჯდომარის კანდიდატურაზე კონსენსუსი ვერ დგებოდა, ცესკოს თავმჯდომარე 5 წლის ვადით ვერ ირჩეოდა და თავმჯდომარის მოვალეობას გიორგი კალანდარიშვილი ასრულებდა.

თუმცა ცესკოს წევრების არჩევის წესში „ქართული ოცნების“ მიერ ბოლოს შეტანილი ცვლილებებით, შესაძლებელი გახდა, რომ უბრალო უმრავლესობით (76 ხმით) ცესკოს თავმჯდომარის 5 წლით არჩევა.

„ქართულმა ოცნებამ“ ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების არჩევის წესი ბოლო წლებში რამდენიმეჯერ შეცვალა. ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების არჩევის წესი 2021 წლის 19 აპრილის მიღებული ე.წ. შარლ მიშელის შეთანხმებაში იყო გათვალისწინებული, თუმცა ამ შეთანხმების შემდეგ „ქართულმა ოცნებამ“ რამდენიმეჯერ შეცვალა ეს წესი და 2023 წლის ივნისში მიღებული ბოლო ცვლილებების მიხედვით, ოპოზიციისა და პრეზიდენტის როლის გამორიცხვასაც უშვებს.


„ქართული ოცნება“ კიდე ერთხელ აპირებს რუსული კანონის მიღებას, რომელიც 2023 წლის მარტში მასობრივი პროტესტის შედეგად უკან გაიწვიეს. „ქართულმა ოცნებამ“ გასულ წელს დადო პირობა, რომ რუსულ კანონს აღარ დაუბრუნდებოდნენ, მაგრამ პირობა დაარღვია. ქართულმა ოცნებამ კანონპროექტის პირვანდელი ფორმულირებიდან მხოლოდ სიტყვა "აგენტი" ამოიღო და ის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით შეცვალა.
კანონის მიხედვით, ყველა არასამთავრობო და მედიაორგანიზაცია, რომლის შემოსავლების 20%-ზე მეტი უცხოეთიდან არის მიღებული უცხოური ძალია ინტერესების გამტარებლად ჩაითვლება. სახელმწიფო არ გამოიკვლევს თუ რას საქმიანობენ და რა მიზნებს ემსახურებიან ეს ორგანიზაციები და მათ ყველას უცხოური ძალის ინტერესის გამტარებლად შერაცხავს.
კანონი მიმართულია ევროპასა და ამერიკისაგან შემოსულ დაფინანსებებზე და არა მტრულად განწყობილი ქვეყნებიდან შემოსულ დაფინანსებებზე, როგორც ეს ცივილიზებულ ქვეყნებშია.
კანონის ინიცირების გამო შეშფოთება გამოთქვეს ევროკავშირის წევრმა და საქართველოს მეგობარი ქვეყნების ლიდერებმა, რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა კი „ქართული ოცნების“ კანონი მოიწონა.
Print Email
FaceBook Twitter Google
Bu kateqoriyaya aid digər xəbərlər