პარლამენტთან აქციაზე 2 პირი დააკავეს
პარლამენტთან „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის წინააღმდეგ მიმდინარე აქციაზე 2 ადამიანი დააკავეს.

სამართალდამცველები აქტივისტებს მოუწოდებდნენ რომ რუსთაველის გამზირის სავალი ნაწილი დაეტოვებინათ და პარლამენტის წინ ტერიტორიაზე გადასულიყვნენ. აქტივისტების ნაწილი ამ მოწოდებას დაემორჩილა, ხოლო ნაწილი - არა.

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა ვაჟა სირაძემ სამართალდამცველებს მოუწოდებდა, მოქალაქეები ტერიტორიიდან უბრალოდ გაერიდებინათ, თუმცა საბოლოოდ, 2 პირი მაინც დააკავეს.

ვაჟა სირაძის გაცხადებით,
დაკავებული ადამიანები ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ და სამართალდამცველებს შეურაცხყოფა მიაყენეს.

„პიროვნება მოსული იყო პოლიციელებთან და არაერთხელ მოვუწოდეთ, რომ გასულიყო გვერდზე და გაეგრძელებინა პროტესტი. ძალიან ნასვამ მდგომარეობაშია და არაერთი შეურაცხყოფა თითოეულ პოლიციელს, რაც დაფიქსირებულია კამერების საშუალებით“, - განაცხადა ვაჟა სირაძემ.

"უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციაზე მოქალაქეებმა შეკრება 1-ელ მაისს 17:00 საათიდან დაიწყეს. მას შემდეგ, რაც “ქართული ოცნების” დეპუტატებმა კანონპროექტის მეორე მოსმენით მიიღეს და პარლამენტის შენობა დატოვეს, სპეცრაზმმაც საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარე ტერიტორია დატოვა და შენობასთან მდებარე საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ეზოში გადაინაცვლა. საპოლიციო ძალებმა პარლამენტის ეზოდან და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ტერიტორიიდან წყლის ჭავლის, ე.წ. წიწაკის სპრეის და ცრემლსადენი გაზის გამოყენება დაახლოებით 22:11 საათიდან დაიწყეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ სპეციალური საშუალებების გამოყენება მართლწესრიგის აღდგენის მიზნებით ახსნა და განაცხადა, რომ მას შემდეგ, რაც შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფებმა დატოვეს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია, აქციის მონაწილეები გახდნენ აგრესიულები და საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელი რკინის კარების დაზიანება სცადეს.

ოფიციალური ინფორმაციით, 1-ელ მაისს, რუსთაველის გამზირზე გამართულ საპროტესტო აქციაზე დაშავებული 8 სამოქალაქო პირის ჰოსპიტალიზაცია განხორციელდა.


„ქართული ოცნება“ კიდე ერთხელ აპირებს რუსული კანონის მიღებას, რომელიც 2023 წლის მარტში მასობრივი პროტესტის შედეგად უკან გაიწვიეს. „ქართულმა ოცნებამ“ გასულ წელს დადო პირობა, რომ რუსულ კანონს აღარ დაუბრუნდებოდნენ, მაგრამ პირობა დაარღვია. ქართულმა ოცნებამ კანონპროექტის პირვანდელი ფორმულირებიდან მხოლოდ სიტყვა "აგენტი" ამოიღო და ის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით შეცვალა.
კანონის მიხედვით, ყველა არასამთავრობო და მედიაორგანიზაცია, რომლის შემოსავლების 20%-ზე მეტი უცხოეთიდან არის მიღებული უცხოური ძალია ინტერესების გამტარებლად ჩაითვლება. სახელმწიფო არ გამოიკვლევს თუ რას საქმიანობენ და რა მიზნებს ემსახურებიან ეს ორგანიზაციები და მათ ყველას უცხოური ძალის ინტერესის გამტარებლად შერაცხავს.
კანონი მიმართულია ევროპასა და ამერიკისაგან შემოსულ დაფინანსებებზე და არა მტრულად განწყობილი ქვეყნებიდან შემოსულ დაფინანსებებზე, როგორც ეს ცივილიზებულ ქვეყნებშია.
კანონის ინიცირების გამო შეშფოთება გამოთქვეს ევროკავშირის წევრმა და საქართველოს მეგობარი ქვეყნების ლიდერებმა, რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა კი „ქართული ოცნების“ კანონი მოიწონა.
Print Email
FaceBook Twitter Google
Bu kateqoriyaya aid digər xəbərlər