მეთიუ მილერი - ღრმად იმედგაცრუებულები ვართ საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებით - თუ მიზანი გამჭვირვალობის ხელშეწყობაა, კრემლის მიერ შთაგონებული კანონმდებლობა შეუსაბამოა
ღრმად იმედგაცრუებულები ვართ საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებით, წინ წაწიოს კრემლის მიერ შთაგონებული “უცხოური გავლენის” კანონმდებლობა. ამის შესახებ განცხადებას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი მეთიუ მილერი ავრცელებს.

სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის თქმით, აშშ უერთდება ევროპელ მოკავშირეებს მოწოდებაში, რომ საქართველომ არ მიიღოს კანონი და აღნიშნავს, რომ თუ მიზანი გამჭვირვალობის ხელშეწყობაა, კრემლის მიერ შთაგონებული კანონმდებლობა შეუსაბამოა.

“ღრმად იმედგაცრუებულები ვართ საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებით წინ წაწიოს კრემლის მიერ შთაგონებული “უცხოური გავლენის” კანონმდებლობა. როგორც ევროკავშირმა განაცხადა, ამ კანონის მიღებამ შეიძლება საფრთხე შეუქმნას საქართველოს ევროკავშირისკენ გზაზე. ჩვენს ევროპელ მოკავშირეებს ვუერთდებით საქართველოსადმი მოწოდებაში, რომ არ მიიღოს კანონმდებლობა, რომელიც ეწინააღმდეგება საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის სურვილებს - სურვილს, რომ სრულიად ინტეგრირებული გახდნენ ევროკავშირში.

საქართველოს ცოცხალი სამოქალაქო საზოგადოება ჰყავს, რომელიც მის მოქალაქეებს ემსახურება და საქართველოს ეკონომიკის გაუმჯობესებაზე მუშაობს. თუ იქნება მიღებული, შემოთავაზებულ კანონმდებლობას შეუძლია გამოხატვის თავისუფლება შეზღუდოს, ორგანიზაციების სტიგმატიზაცია მოახდინოს, რომლებსაც ეს სარგებელი საქართველოს მოქალაქეებთან მიაქვთ, ხელი შეუშალოს დამოუკიდებელ მედია ორგანიზაციებს, რომლებიც მუშაობენ, რათა ქართველებს მაღალი ხარისხის ინფორმაციისადმი ჰქონდეთ წვდომა. ასეთი კრემლის მიერ შთაგონებული კანონმდებლობა შეუსაბამოა, თუ მიზანი გამჭვირვალობის ხელშეწყობაა. ყველა მხარეს მოვუწოდებთ მშვიდობიანი შეკრების უფლება დაიცვან”,
- წერს მილერი.


„ქართული ოცნება“ კიდე ერთხელ აპირებს რუსული კანონის მიღებას, რომელიც 2023 წლის მარტში მასობრივი პროტესტის შედეგად უკან გაიწვიეს. „ქართულმა ოცნებამ“ გასულ წელს დადო პირობა, რომ რუსულ კანონს აღარ დაუბრუნდებოდნენ, მაგრამ პირობა დაარღვია. ქართულმა ოცნებამ კანონპროექტის პირვანდელი ფორმულირებიდან მხოლოდ სიტყვა "აგენტი" ამოიღო და ის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით შეცვალა.
კანონის მიხედვით, ყველა არასამთავრობო და მედიაორგანიზაცია, რომლის შემოსავლების 20%-ზე მეტი უცხოეთიდან არის მიღებული უცხოური ძალია ინტერესების გამტარებლად ჩაითვლება. სახელმწიფო არ გამოიკვლევს თუ რას საქმიანობენ და რა მიზნებს ემსახურებიან ეს ორგანიზაციები და მათ ყველას უცხოური ძალის ინტერესის გამტარებლად შერაცხავს.
კანონი მიმართულია ევროპასა და ამერიკისაგან შემოსულ დაფინანსებებზე და არა მტრულად განწყობილი ქვეყნებიდან შემოსულ დაფინანსებებზე, როგორც ეს ცივილიზებულ ქვეყნებშია.
კანონის ინიცირების გამო შეშფოთება გამოთქვეს ევროკავშირის წევრმა და საქართველოს მეგობარი ქვეყნების ლიდერებმა, რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა კი „ქართული ოცნების“ კანონი მოიწონა.
Print Email
FaceBook Twitter Google
Bu kateqoriyaya aid digər xəbərlər