ჩვენი უფლებები
რა ინფორმაცია აქვთ მოსწავლეებს სკოლის თვითმმართველობებთან დაკავშირებით
არნეულის მასშტაბით 74 საჯარო სკოლა ფუნქციონირებს. სკოლების ვალდებულებაა საგანმანათლებლო დაწესებულებაში თვითმმართველობის ჩამოყალიბება. კანონი, მოსწავლეთა თვითმმართველობების მეშვეობით, თავად მოსწავლეებსაც ანიჭებს სკოლის ფუნქციონირებაში მონაწილეობის საშუალებას. თვითმმართველობებს შეუძლიათ, რეკომენდაციებითა და წინადადებებით მიმართონ სამეურვეო საბჭოს სკოლისთვის მნიშვნელოვან ნებისმიერ საკითხზე.

მოსწავლეთა თვითმმართველობა წარმოადგენს სკოლის სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც იქმნება ზოგადი განათლების შესახებ კანონისა და სკოლის წესდების შესაბამისად (საქართველოს კანონი ზოგადი განათლების შესახებ, მუხლი 47, პუნქტი)  მოსწავლეები საკუთარ თვითმმართველობებს საბაზო და საშუალო საფეხურის დონეზე ირჩევენ თანასწორობის საფუძველზე, ფარული კენჭისყრით, კლასების მიხედვით თანაბარი წარმომადგენლობის პრინციპის დაცვით.

1) შეიმუშავებს რეკომენდაციებს სკოლის შინაგანაწესის შესახებ;
2) უფლებამოსილია, სამეურვეო საბჭოს წარუდგინოს წინადადებები სკოლისათვის მნიშვნელოვან ყველა საკითხთან დაკავშირებით;
3) ირჩევს თავის წარმომადგენელს სამეურვეო საბჭოში;
4) სკოლის წესდებით დადგენილი წესით და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მონაწილეობს მოპოვებული გრანტის განკარგვაში;
5) წევრთა ერთი მეხუთედის ინიციატივით ქმნის სასკოლო კლუბებს;
6) საშუალო საფეხურზე ირჩევს თავის წარმომადგენელს დისციპლინურ კომიტეტში.

რადიო "მარნეული" დაინტერესდა თუ რა იციან მოსწავლეებმა თვითმმართველობების და იმ სიკეთეების შესახებ, რომლის განხორციელებაც სკოლებში თავად შეუძლიათ. ჩვენ რამდენიმე სკოლაში ვიყავით გადაღებაზე. გამოიკვეთა სხვაობა არაქართუენოვან და ქართულენოვან სკოლებს შორის. შეიძლება ითქვას, რომ არაქართულენოვან სკოლებში მოსწავლეთა უმრავლესობამ არაფერი იცის თვითმმართველობების შესახებ. ზოგიერთმა მასწავლებელმაც კი გაკვირვებით შემოგვხედა და გვიპასუხა, რომ თვითმმართველობის საკითხებში მხოლოდ სკოლა უნდა იყოს ჩართული. გთავაზობთ ორი სკოლის გამოკითხვას, რომელიც რადიო მარნეულმა ქალაქ მარნეულის N5 საჯარო სკოლასა და საბირქენდის საჯარო სკოლაში ჩაატარა. აღსანიშნავია ისიც, რომ მარნეულის რამდენიმე საჯარო სკოლაში მას შემდეგ არ შეგვიშვეს, რაც დირექტორებმა გამოკითხვის თემა გაიგეს.





მოსწავლეთა თვითმმართველობა წარმოადგენს სკოლის სტრუქტურულ ერთეულს. საბაზო და საშუალო საფეხურების მოსწავლეები ირჩევენ საკუთარ თვითმმართველობებს, მოსწავლეთა თვითმმართველობის არჩევნები ტარდება თანასწორობის საფუძველზე, ფარული კენჭისყრით, გამჭვირვალობისა და კლასების მიხედვით მოსწავლეთა თანაბარი წარმომადგენლობის პრინციპების დაცვით. მოსწავლეთა თვითმმართველობას ხელმძღვანელობს თვითმმართველობის მიერ არჩეული თავმჯდომარე.

საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები ირჩევენ სამეურვეო საბჭოებს, რომლებიც ზოგადი განათლების შესახებ კანონის შესაბამისად შედგება პედაგოგების, მშობლებისა და მოსწავლეთა თვითმმართველობის წარმომადგენლებისგან. ამასთან, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები უფლებამოსილნი არიან, სამეურვეო საბჭოებში დანიშნონ თითო წევრი სათათბირო ხმის უფლებით.სამეურვეო საბჭოს წევრს არ გააჩნია უფლებამოსილება, ინდივიდუალურად იმოქმედოს საბჭოს სახელით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სამეურვეო საბჭო ახდენს მასზე გარკვეული ფუნქციების დელეგირებას, ან როდესაც სკოლის წესდება ითვალისწინებს შესაბამის განსაკუთრებულ შემთხვევებს.სამეურვეო საბჭო სტრატეგიულ როლს ასრულებს სკოლის მართვაში, რაც გულისხმობს სკოლის მიზნებისა და პრიორიტეტების განსაზღვრას, ამ მიზნების მისაღწევი პოლიტიკის შემუშავებასა და სკოლის განვითარების ზედამხედველობას.

სამეურვეო საბჭო უფლებამოსილია და გააჩნია კანონმდებლობით განსაზღვრული ვალდებულება, ხელი შეუწყოს სკოლაში ეროვნული სასწავლო გეგმით დადგენილი საგანმანათლებლო სტანდარტების მიღწევას. სამეურვეო საბჭომ ხელი უნდა შეუწყოს სკოლის განვითარებას მისი რესურსების ეფექტური მართვით და ამასთანავე უნდა უზრუნველყოს სასწავლო გეგმის მრავალფეროვნება და ნეიტრალურობა. სასკოლო სწავლებისას დისკრიმინაციის დაუშვებლობა და ყურადღების გამახვილება დაუცველ ჯგუფებზე.
FaceBook Twitter Google