სიახლე
მიხეილ რამიშვილი - თამარ ბაჩალიაშვილის Gmail-ი გაიხსნა, 13-დან 18 ივლისამდე პერიოდში ინფორმაცია წაშლილი დაგვხვდა, მოვითხოვეთ, დადგინდეს, რა მისამართით მოხდა შეღწევა
23 წლის პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის განცხადებით, გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის Gmail-ი გახსნეს, სადაც 13-დან 18 ივლისის პერიოდში არანაირი შეტყობინება და მიწერ-მოწერა არ დახვდათ.

ადვოკატის განცხადებით, ითხოვენ დადგინდეს, რა მისამართით მოხდა Gmail-ზე შეღწევა, ვინაიდან , საქმეში ბევრი საეჭვო ნიშნები გამოიკვეთა.

“გაიხსნა თამუნას Gmail-ი. სოციალურ ქსელში შევიდნენ, გარკვეულ ინფორმაციას გავეცანით, საკმაოდ საინტერესო და ბევრი სახის ინფორმაცია მივიღეთ. ამავდროულად, ძალიან საეჭვო შემხებლობის ნიშნებიც ვნახეთ, იმის გათვალისწინებით, რომ გარკვეულ რიცხვებში ინფორმაციები პირდაპირ, შემიძლია, ვთქვა, რომ წაშლილი დაგვხვდა.

მოვითხოვეთ , დადგინდეს, ვის მიერ, რა მისამართით მოხდა შეღწევა. იყო ის პერიოდი, რომელიც ყველაზე მეტად გვჭირდება, რომ დადგინდეს, იმ პერიოდში, ვისთან ჰქონდა ურთიერთობა და კომუნიკაცია.

წაშლილია შეტყობინება, მიწერ-მოწერა, ეს არის 13 დან 18 ივლისამდე პერიოდი. 18 ივლისიდან არანაირი ინფორმაცია არ იკვეთება. ბევრი დეტალი იკვეთება, რაც გამოძიებისთვის და საერთო საქმისთვის საინტერესოა“,
- განაცხადა ადვოკატმა.

ცნობისთვის, თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. ის 5 - დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, შემდეგ კი ბრალდების კვალიფიკაციას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა.

FaceBook Twitter Google
Bu kateqoriyaya aid digər xəbərlər