„იმიტომ რომ ქართველია“ - ვის (არ) უკრძალავენ შარვლის ჩაცმას მარნეულის სკოლაში
მარნეულის მუნიციპალიტეტის სადახლოს N2 საჯარო სკოლაში პედაგოგებსა და მოსწავლეებს, შარვლის ჩაცმა ეკრძალებათ. მშობლები ამბობენ, რომ დირექციის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, თუმცა უშედეგოდ. მოსწავლის მშობელი, რომელიც ანონიმურობის დაცვით ჩავწერეთ გვიყვება, რომ დირექტორი საშუალო და საბაზო საფეხურის მოსწავლეებს სკოლაში კაბით სიარულს სთხოვს და შარვლის ჩაცმის ნებართვას არ აძლევს.

„წლებია ჩვენს სკოლაში ქალი მასწავლებლების შარვლის ჩაცმა პრობლემად იქცა. მასწავლებლებს და მე-7 კლასიდან
მე-12 კლასამდე მოსწავლე გოგოებს, შარვლის ჩაცმის ნებართვას არ აძლევენ. მშობლებმა ომბუდსმენსაც მივმართეთ და სკოლაში წერილი მოვიდა. ამ წერილის შედეგად სხდომები ჩატარდა, მშობლებიც მოვიდნენ დირექტორის მოვალეობის შემსრულებელთან, მაგრამ არანაირი შედეგი არაა. ამავე სოფელში 2-3 სკოლაა. გვერდზე სკოლაში მასწავლებლებიც, გოგოებიც იცვამენ შარვალს. ჩვენს სკოლაში - არა. შიდა წესდებაში ჩაცმასთან დაკავშირებით არაფერი წერია. ჩვენს სკოლაში ასაკოვანი მასწავლებელი ბევრია. ახალგაზრდები კი ცოტაა. ამიტომაც სხდომაზე ხელმძღვანელობა რასაც ამბობს, ასაკოვანები ეთანხმებიან, ახალგაზრდებს არ აძლევენ შესაძლებლობას, რომ აზრი გამოთქვან. ისინი აპროტესტებენ, მაგრამ არავინ აქცევს ყურადღებას. ჩვენ გვინდა, რომ ამის მიზეზი ვიცოდეთ. 21-ე საუკუნეში ვცხოვრობთ და ამბობენ შარვალი ჩაცმის წესებს არღვევსო."
- ამბობს ერთ-ერთი მშობელი

მშობელი გვიყვება, რომ ერთადერთი, ვინც დირექტორის დადგენილ წესს არ ემორჩილება, ქართული ენის პედაგოგია. ნათია მანია ათ წელზე მეტია სადახლოს N2 საჯარო სკოლაში ასწავლის. ამბობს, რომ მისთვის შეზღუდვაზე პირდაპირ არავის მიუთითებია. ინფორმაცია სკოლაში დადგენილი "ჩაცმის წესის" შესახებ კი მოსწავლეებისგან გაიგო.

"ძირითადად, შარვლით დავდივარ, იშვიათად მაცვია კაბა. არანაირი შენიშვნა არ მიმიღია, ერთი ეგ იყო ხოლმე, რომ როდესაც კაბას ვიცვამდი და ხდებოდა ასეთი იშვიათი მომენტები, მაშინ ყველა ერთად მაქებდა ხოლმე, როგორ გიხდება, სულ ასე ჩაიცვი. მართლა არვის არაფერი უთქვამს არასდროს, რომ არ შეიძლება და აკრძალულია. თავიდან არც მიმიქცევია ყურადღება რომ ყველა მასწავლებელი იყო კაბით, ვიფიქრე მათი არჩევანი იყო. ბავშვებისგან გავიგე მალევე, რომ სკოლაში არ შეიძლებოდა შარვლით მოსვლა. მე მეკითხებოდნენ, გაკვეთილების შემდეგ წრეზე რომ მოდიოდნენ დღის მეორე ნახევარში, დაშვებული იყო თუ არა შარვლით მოსვლა. გამიკვირდა ასეთი შეკითხვა რომ დამისვეს, გაკვეთილების დროს აკრძალულიაო და ამის გამო გვეჩხუბებიანო. სკოლაში რამდენიმე ახალგაზრდა მასწავლებელი მიიღეს და მერე გავიგე გარკვეული კონფლიქტების შესახებ, როდესაც მასწავლებელი მოდიოდა შარვლით, ეუბნებოდნენ საყვედურს. ეს არ მოდიოდა მხოლოდ დირექტორისგან, უფროსი კოლეგებიც არცხვენდნენ ხოლმე და ეუბნებოდნენ როგორ შეიძლებაო. ვიცი, რომ დირექტორისთვის სხვებს უკითხავთ თუ ჩვენთვის არ შეიძლება, (შარვლის ტარება) რატომ შეიძლება ნათიასთვის და იმათთვის უთქვამს, იმიტომ, რომ ის ქართველიაო. არ ვიცი ლოგიკა რაშია." - თქვა ნათია მანიამ.

ინფორმაციის გასარკვევად რადიო "მარნეული" სადახლოს N2 საჯარო სკოლის დირექტორს, ფაიგ შარიფოვს ესაუბრა და ჰკითხა, ჰქონდა თუ არა სკოლას შინაგანაწესი, რომელიც მოსწავლეებსა და მასწავლებლებში შარვლის ტარებას კრძალავდა. ამბის გახმაურების შემდეგ დირექტორი ჩვენს მიერ დასმულ კითხვებზე გვპასუხობს, რომ საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩაცმის წესები არ დაუდგენია და არჩევანში თავისუფლები არიან.

„ჩაცმაში არანაირი შეზღუდვა არაა, თავისუფლები არიან. უბრალოდ, მათ შევთავაზეთ რომ შეგიძლიათ ქვედაბოლო ჩაიცვათ, ან ასეც შეგიძლიათ მოხვიდეთ. ანუ არანაირი შეზღუდვა არ არის. სკოლის შინაგანაწესში წერია, რომ მოსწავლემ სკოლის შესაბამისად უნდა ჩაიცვას. მაგალითად, დახეული შარვლით არ უნდა მოვიდეს. სკოლის შესაბამისად უნდა ჩაიცვას. მშობელს შეუძლია როგორც უნდა ისე ჩააცვას ბავშვს"

დირექტორი სახალხო დამცველის აპარატისგან მიღებულ წერილს ადასტურებს და ამბობს, რომ მათაც განუმარტა, რომ სკოლაში ჩაცმის არანაირი წესი არ დაუდგენია.

Print Email
FaceBook Twitter Google
Bu kateqoriyaya aid digər xəbərlər