იმპორტირებული ქათმის ფილეს 47% ჩინეთიდან შემოდის - ვის შემოაქვს საქართველოში ჩინური ფილე
საქართველოში ქათმის ფილეს იმპორტში ჩინეთის წილი 47%-ს აჭარბებს, - ამის შესახებ ირკვევა „ბიზნესპრესნიუსის“ კითხვის საპასუხოდ, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ მოწოდებული ინფორმაციიდან.

უფრო კონკრეტულად, 2025 წლის იანვარ-ივნისში საქართველოში იმპორტირებულია 19 939 ტონა ქათმის ფილე, რომლის ჯამური ღირებულებაც 31.76 მლნ დოლარს აღწევდა. აქედან, 9 472 ტონის (სულ 16.76 მლნ დოლარის ღირებულების) იმპორტი სწორედ ჩინეთიდან განხორციელდა.

ვის შემოაქვს საქართველოში
ჩინური ქათმის ფილე

ამავე მონაცემების მიხედვით, მიმდინარე წლის პირველ ნახევარში ქვეყანაში ქათმის ფილეს იმპორტი შემდეგი 5 ძირითადი ქვეყნიდან განხორციელდა:
  • ჩინეთი - 16.76 მლნ აშშ დოლარის 9 472 ტონა;
  • ბრაზილია - 3.72 მლნ აშშ დოლარის 2 011 ტონა;
  • საფრანგეთი - 2.48 მლნ აშშ დოლარის 1 904 ტონა;
  • ნიდერლანდები - 2.43 მლნ აშშ დოლარის 1 848 ტონა;
  • გერმანია - 1.50 მლნ აშშ დოლარის 1 151 ტონა.
„საქსტატის“ მიერ „ბიზნესპრესნიუსისთვის“ მოწოდებული ინფორმაციით, საქართველოში წელს ჩინეთიდან ქათმის ფილეს იმპორტი ძირითადად შემდეგმა კომპანიებმა განახორციელეს: „ვესტ ინვესტი“, „იზი“, „კასკო 2015“, „ფუდსერვისი“ და „ჯეო დისტრიბუშენ გრუპი“.

საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით გთავაზობთ მონაცემებს თუ ვის ეკუთვნის აღნიშნული კომპანიები:
  • შპს „ვესტ ინვესტი“ საჯარო რეესტრში 2006 წელს დარეგისტრირდა. კომპანიის დირექტორი ირაკლი ჩაჩავაა, წილებს კი სრულად ფლობს ცისბედი ქართველიშვილი;
  • შპს „იზი“ 2012 წელს არის რეგისტრირებული. კომპანიაში დირექტორის პოზიციას ირაკლი გერაძე იკავებს. ბიზნეს წილებს კი სრულად ფლობს იაგორი გერაძე;
  • შპს „კასკო 2015“ ბაზარზე 2015 წლიდან ოპერირებს, რომლის დირექტორიც მამუკა მინდიაშვილია. კომპანიის წილების 70%-ს ლევან კაჭარავა, დარჩენილ 30%-ს კი ლევან ჭიორელი ფლობენ;
  • შპს „ფუდსერვისი“ 2018 წელს დარეგისტრირდა საჯარო რეესტრში. კომპანიის წილებს სრულად განკარგავს შპს „ჰოლდინგ. ჯი“. თავის მხრივ „ჰოლდინგ. ჯის“ 100%-იან წილებს არჩილ გეგენავა ფლობს.
  • შპს „ჯეო დისტრიბუშენ გრუპი“ 2012 წელს დარეგისტრირდა რეესტრში, რომლის დირექტორიც ლევან წიკლაურია. წიკლაური ფლობს კომპანიის 60%-იან წილსაც. წილების 40%-ის მფლობელი ნოდარ ჯაფარიძეა.
წყარო: BPN
Print Email
FaceBook Twitter Google
Bu kateqoriyaya aid digər xəbərlər