ზოგადი განათლების საფეხურებში ცვლილება ხორციელდება, რომლის მიღების შედეგადაც, სავალდებულო საბაზო განათლება 9 კლასის ნაცვლად, 10 კლასით განისაზღვრება
ზოგადი განათლების საფეხურებში ცვლილება ხორციელდება, რომლის მიღების შედეგად, სავალდებულო საბაზო განათლება 9 კლასის ნაცვლად, 10 კლასით განისაზღვრება და მოსწავლეების სავალდებულო განათლების მიღების უზრუნველყოფა 10 კლასის ჩათვლით მოხდება.

პარლამენტში ინიცირებულია „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებები, რომლის გათვალისწინებით, საქართველოში ზოგადი განათლების სამი საფეხური შემდეგნაირად განისაზღვრება: - დაწყებითი (6 წელი - I-VI კლასები), საბაზო (4 წელი - VII-X კლასები)
და საშუალო (2 წელი - XI-XII კლასები).

აღნიშნული ცვლილების შესაბამისად, საბაზო საფეხური 1 წლით იზრდება და 4 წლიანი ხდება, ხოლო სამწლიანი საშუალო განათლება მცირდება 2 წლამდე ისე, რომ სრული ზოგადი განათლება კვლავ 12-წლიანი რჩება.

როგორც პროექტის ავტორი და ინიციატორი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროა, რომლის ინფორმაციით, საკმაოდ მაღალია იმ მოსწავლეთა რაოდენობა, რომლებიც სკოლას მე-9 კლასის შემდეგ ტოვებენ (3 200-მდე მოსწავლე 2023 წელს), ხოლო მათი შრომის ბაზარზე დასაქმების პერსპექტივა ძალიან დაბალია - 9 კლასის დამთავრებით მიღებული ცოდნიდან და ასაკიდან გამომდინარე, ვინაიდან სკოლაში შესვლის ასაკი 6 წელია, ხოლო „შრომის კოდექსის“ თანახმად, ფიზიკური პირის შრომითი ქმედუნარიანობა წარმოიშობა 16 წლიდან.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ყურადღებას იმაზეც ამახვილებს, რომ მატულობს მოზარდების ისეთი რისკების წინაშე დადგომის ალბათობა, როგორიცაა ბავშვთა ქორწინება, ასაკის შეუსაბამო დასაქმება, ტრეფიკინგი, კანონსაწინააღმდეგო ქმედებები და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სისტემაში მოხვედრა და სხვა.

როგორც სამინისტრო განმარტავს, საბაზო საფეხურის გაზრდით მოსწავლეები უფრო მომზადებულები იქნებიან იმისთვის, რომ მეტად გააზრებული გადაწყვეტილება მიიღონ - განაგრძონ სწავლა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში, თუ პროფესიულ სასწავლებელში. ამასთან, უწყების შეფასებით, თუ მოსწავლე სწავლის შეწყვეტას გადაწყვეტს, ის 15-16 წლის იქნება, ოთხწლიანი საბაზო საფეხურის პროგრამა კი უზრუნველყოფს უფრო მეტად მომზადებული ახალგაზრდის გასვლას შრომის ბაზარზე.

„აღსანიშნავია, რომ კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, საბაზო საფეხურის საგნობრივი სტანდარტების შინაარსობრივი ნაწილი (მაგალითად, ბიოლოგიაში, გეოგრაფიაში, ისტორიაში, სამოქალაქო განათლებაში და სხვ.) გადანაწილდება 4 კლასზე და თითოეულ კლასში მოსწავლის სავალდებულო განათლების დატვირთვა შემცირდება.

არსებული მდგომარეობით, VIII-IX კლასის დატვირთა საგრძნობლად მაღალია. საშუალო საფეხური (XI-XII კლასი) იქნება მეტად ფოკუსირებული განათლების შემდგომ საფეხურებზე სწავლის გასაგრძელებლად იმისთვის, რომ განათლების სისტემა სათანადოდ მოემზადოს აღნიშნულის დასანერგად”, - ვკითხულობთ კანონის პროექტის განმარტებით ბარათში.

ზოგადი განათლების საბაზო და საშუალო საფეხურების ხანგრძლივობის ცვლილებასთან დაკავშირებით, კანონპროექტი გარდამავალი დებულებების დამატებას ითვალისწინებს, რომელიც ახალი საკანონმდებლო ნორმის ძალაში შესვლასთან დაკავშირებულ სპეციფიკურ დეტალებს აკონკრეტებს. კერძოდ, ზოგადი განათლების საბაზო საფეხურის ხანგრძლივობის ცვლილება, ასევე იმ მოსწავლეებს შეეხება, რომლებიც 2024-2025 სასწავლო წელს IX კლასში იქნებიან, რაც ნიშნავს, 2024-2025 სასწავლო წელს IX კლასელი მოსწავლეების X კლასში გადაყვანას საფეხურის დაძლევის გარეშე ანუ 2024-2025 სასწავლო წელს IX კლასის მოსწავლეებს სავალდებულო საბაზო განათლება 1 წლით გაუხანგრძლივდებათ.

გარდამავალი დებულებებით ასევე დადგენილია, რომ 2024-2025 სასწავლო წლის ჩათვლით ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის X კლასში სტატუსშეჩერებული მოსწავლეები, რომლებიც სტატუსს 2025-2026 სასწავლო წლიდან აღიდგენენ, სწავლას ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის XI კლასში აგრძელებენ, ვინაიდან მათ უკვე დაძლეული აქვთ საბაზო საფეხური, ხოლო 2025-2026 სასწავლო წლიდან საშუალო საფეხური 2 წლიანია.

გარდამავალი დებულებით ასევე დადგენილია სპეციფიკური ჩანაწერი იმ მოსწავლეებისთვის, რომლებმაც 2024-2025 სასწავლო წელს ვერ დაძლიეს საშუალო საფეხურის X კლასისთვის ეროვნული სასწავლო გეგმით დადგენილი მიღწევის დონე. ისინი 2025-2026 სასწავლო წელს სწავლას აგრძელებენ საშუალო საფეხურის XI კლასში, ვინაიდან, ამ პერიოდისათვის X კლასი უკვე მიეკუთვნება საბაზო საფეხურს, რაც მათ დაძლეული აქვთ.

„აკადემიური ჩამორჩენის აღმოფხვრას სკოლა უზრუნველყოფს რემედიაციის პროგრამით, რაც რეგულირებულია ეროვნული სასწავლო გეგმით.

გარდამავალი დებულებების ბოლო ორი პუნქტი ეხება საშუალო პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის (რომელშიც ინტეგრირებულია ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სწავლის შედეგები) განმახორციელებელ საგანმანათლებლო დაწესებულებებს. კერძოდ, დაწესებულება უფლებამოსილი იქნება 3 წლიან საშუალო პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის დასრულების შესაძლებლობა მისცეს იმ პირებს, რომლებიც ჩაირიცხნენ 2025 წლის 1 ივლისამდე გამოცხადებული პროფესიულ სტუდენტთა მიღების საფუძველზე.


„ქართული ოცნება“ კიდე ერთხელ აპირებს რუსული კანონის მიღებას, რომელიც 2023 წლის მარტში მასობრივი პროტესტის შედეგად უკან გაიწვიეს. „ქართულმა ოცნებამ“ გასულ წელს დადო პირობა, რომ რუსულ კანონს აღარ დაუბრუნდებოდნენ, მაგრამ პირობა დაარღვია. ქართულმა ოცნებამ კანონპროექტის პირვანდელი ფორმულირებიდან მხოლოდ სიტყვა "აგენტი" ამოიღო და ის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით შეცვალა.
კანონის მიხედვით, ყველა არასამთავრობო და მედიაორგანიზაცია, რომლის შემოსავლების 20%-ზე მეტი უცხოეთიდან არის მიღებული უცხოური ძალია ინტერესების გამტარებლად ჩაითვლება. სახელმწიფო არ გამოიკვლევს თუ რას საქმიანობენ და რა მიზნებს ემსახურებიან ეს ორგანიზაციები და მათ ყველას უცხოური ძალის ინტერესის გამტარებლად შერაცხავს.
კანონი მიმართულია ევროპასა და ამერიკისაგან შემოსულ დაფინანსებებზე და არა მტრულად განწყობილი ქვეყნებიდან შემოსულ დაფინანსებებზე, როგორც ეს ცივილიზებულ ქვეყნებშია.
კანონის ინიცირების გამო შეშფოთება გამოთქვეს ევროკავშირის წევრმა და საქართველოს მეგობარი ქვეყნების ლიდერებმა, რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა კი „ქართული ოცნების“ კანონი მოიწონა.
Print Email
FaceBook Twitter Google
Bu kateqoriyaya aid digər xəbərlər