პრეზიდენტი - მინდა მივმართო გულანთებულ ახალგაზრდებს: დაანებეთ თავი პარლამენტის კარებს, იქ არაფერი აღარ ხდება - ჩვენი ბრძოლა გადის არჩევნებზე და ყველა იმ კანონის გაუქმებაზე, რომელიც ხელისუფლების მიერ არის მიღებული და ევროპული გზიდან გვაშორებს
მე მინდა მივმართო გულანთებულ ახალგაზრდებს, რომ რაღაცები არ არის საჭირო, დაანებეთ თავი პარლამენტის კარებს, იქ არაფერი აღარ ხდება, მეორე მოსმენით უკვე მიღებულია ეს კანონი, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებისადმი გავრცელებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

სალომე ზურაბიშვილის განმარტებით, ბრძოლის ხაზი ახლა უკვე არა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე, არამედ არჩევნებზე
გადის.

„თვალყურს ვადევნებ ამ საღამოს მიმდინარე მოვლენებს სასახლიდან და თქვენ გვერდით ვარ, როგორც არაერთხელ მითქვამს. მთელი მსოფლიო გვიყურებს და დღევანდელი გამოსვლები აჩვენებს ქართველი ხალხის განწყობას, შემართებას და მიზანმიმართულობას. ეს არის უდიდესი ძალა იმისთვის, რომ ჩვენ მოვიგოთ ის გრძელვადიანი ბრძოლა, რომელიც მთავრდება არჩევნებზე, რომ საქართველო არასოდეს არ იქნება რუსეთი.

ამავე დროს მე მინდა მივმართო გულანთებულ ახალგაზრდებს, რომლებიც დღეს თავიანთ ენერგიას გვიზიარებენ, რომ რაღაცები არ არის საჭირო. დაანებეთ თავი პარლამენტის კარებს, იქ არაფერი აღარ ხდება. მეორე მოსმენით უკვე მიღებულია ეს კანონი და ჩვენი ბრძოლა უკვე პრაქტიკულად ეს კანონი არ არის, ჩვენი ბრძოლა გადის არჩევნებზე და ყველა იმ კანონის გაუქმებაზე, რომელიც მიღებულია ამ ბოლო დროს ხელისუფლების მიერ და რომელიც გვაშორებს ევროპული გზიდან. ესაა ჩვენი მიზანი და კარებზე არაფერი არ გადაწყდება გარდა გაზის გაშვებისა და ძალადობისა, რაც არ არის საჭირო, რომ გამოვიწვიოთ იმიტომ, რომ ძალადობასთან გვექნება უთუოდ საქმე. დღეს არის ვნების კვირა, ის პერიოდი, როცა არ შეიძლება გამოწვევა, ისედაც გააქტიურებულია ეშმაკი. ჩვენ ეს ვიმყოფოთ და ვიყოთ მშვიდობიანად რუსთაველის გამზირზე, სადაც ვაჩვენებთ კიდევ ერთხელ მსოფლიოს, თუ რა არის საქართველო და რა შეუძლია საქართველოს ახალგაზრდობას“,
- განაცხად სალომე ზურაბიშვილმა.


„ქართული ოცნება“ კიდე ერთხელ აპირებს რუსული კანონის მიღებას, რომელიც 2023 წლის მარტში მასობრივი პროტესტის შედეგად უკან გაიწვიეს. „ქართულმა ოცნებამ“ გასულ წელს დადო პირობა, რომ რუსულ კანონს აღარ დაუბრუნდებოდნენ, მაგრამ პირობა დაარღვია. ქართულმა ოცნებამ კანონპროექტის პირვანდელი ფორმულირებიდან მხოლოდ სიტყვა "აგენტი" ამოიღო და ის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით შეცვალა.
კანონის მიხედვით, ყველა არასამთავრობო და მედიაორგანიზაცია, რომლის შემოსავლების 20%-ზე მეტი უცხოეთიდან არის მიღებული უცხოური ძალია ინტერესების გამტარებლად ჩაითვლება. სახელმწიფო არ გამოიკვლევს თუ რას საქმიანობენ და რა მიზნებს ემსახურებიან ეს ორგანიზაციები და მათ ყველას უცხოური ძალის ინტერესის გამტარებლად შერაცხავს.
კანონი მიმართულია ევროპასა და ამერიკისაგან შემოსულ დაფინანსებებზე და არა მტრულად განწყობილი ქვეყნებიდან შემოსულ დაფინანსებებზე, როგორც ეს ცივილიზებულ ქვეყნებშია.
კანონის ინიცირების გამო შეშფოთება გამოთქვეს ევროკავშირის წევრმა და საქართველოს მეგობარი ქვეყნების ლიდერებმა, რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა კი „ქართული ოცნების“ კანონი მოიწონა.
Print Email
FaceBook Twitter Google
Bu kateqoriyaya aid digər xəbərlər
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გარდაბანში ძმამ და მოკლა.
09:45 / 17.05.2024