„აგენტების კანონის“ მოწინააღმდეგეებს ტელეფონზე ურეკავენ და აგინებენ
სამოქალაქო აქტივისტები, ჟურნალისტები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ამბობენ, რომ უცნობი ადამიანები ტელეფონზე ურეკავენ და აგინებენ. სხვა ქვეყნის სატელეფონო ნომრებით ურეკავენ იმ ადამიანებს, რომლებიც ღიად გამოხატავენ პროტესტს „აგენტების კანონის“ წინააღმდეგ - ესაა კანონპროექტი, რამაც ბოლო კვირების განმავლობაში დედაქალაქში უწყვეტი პროტესტი გამოიწვია.

მათი მონაყოლის მიხედვით, სატელეფონო კომუნიკაციის ფორმა ერთმანეთის მსგავსია: ჯერ კითხულობენ ვინაობას, შემდეგ ინტერესდებიან, წაკითხული აქვთ თუ არა კანონპროექტი
და შემდეგი ეტაპი უკვე შეურაცხყოფის მიყენებაა.

„დარეკეს და დაიწყეს გინება... [ხელისუფლების გარდა] ვერ ვხედავ ვერავის სხვას, ვისაც შეუძლია ასეთი უნიჭო იყოს. ამ საზოგადოებაში ახალგაზრდები ნიჭიერები არიან, ოპოზიციას ამის თავი არ აქვს, სხვა არავინ რჩება“, - ამბობს ლიტერატორი ლევან ბერძენიშვილი რადიო თავისუფლებასთან კომენტარში.



რადიო თავისუფლება შინაგან საქმეთა სამინისტროდან და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურიდან ელოდება ინფორმაციას, დაიწყო თუ არა საკითხის შესწავლა. პასუხის მიღების შემთხვევაში მასალა განახლდება.

მმართველმა პარტიამ, „ქართულმა ოცნებამ“, 1 მაისს მეორე მოსმენით მიიღო „აგენტების კანონი“ იმის მიუხედავად, რომ დედაქალაქში ხალხმრავალი აქციები იმართება. აქციაზე სცემეს ოპოზიციონერ დეპუტატებს, ლევან ხაბეიშვილსა და ალეკო ელისაშვილს.

კანონპროექტის მიხედვით, „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად“ დარეგისტრირება მოუწევთ იმ მედია და არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც საქართველოს პარტნიორი ქვეყნებიდან იღებენ დაფინანსებას. გასულ წელს ინიციირებული კანონპროექტით, მათი აგენტებად რეგისტრაცია იყო გათვალისწინებული. ერთი წლის შემდეგ ხელახლა წარდგენილ კანონპროექტში საპარლამენტო უმრავლესობამ მხოლოდ ორგანიზაციების სარეგისტრაციო სიის სახელდება შეცვალა.
წყარო: radiotavisupleba.ge

„ქართული ოცნება“ კიდე ერთხელ აპირებს რუსული კანონის მიღებას, რომელიც 2023 წლის მარტში მასობრივი პროტესტის შედეგად უკან გაიწვიეს. „ქართულმა ოცნებამ“ გასულ წელს დადო პირობა, რომ რუსულ კანონს აღარ დაუბრუნდებოდნენ, მაგრამ პირობა დაარღვია. ქართულმა ოცნებამ კანონპროექტის პირვანდელი ფორმულირებიდან მხოლოდ სიტყვა "აგენტი" ამოიღო და ის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით შეცვალა.
კანონის მიხედვით, ყველა არასამთავრობო და მედიაორგანიზაცია, რომლის შემოსავლების 20%-ზე მეტი უცხოეთიდან არის მიღებული უცხოური ძალია ინტერესების გამტარებლად ჩაითვლება. სახელმწიფო არ გამოიკვლევს თუ რას საქმიანობენ და რა მიზნებს ემსახურებიან ეს ორგანიზაციები და მათ ყველას უცხოური ძალის ინტერესის გამტარებლად შერაცხავს.
კანონი მიმართულია ევროპასა და ამერიკისაგან შემოსულ დაფინანსებებზე და არა მტრულად განწყობილი ქვეყნებიდან შემოსულ დაფინანსებებზე, როგორც ეს ცივილიზებულ ქვეყნებშია.
კანონის ინიცირების გამო შეშფოთება გამოთქვეს ევროკავშირის წევრმა და საქართველოს მეგობარი ქვეყნების ლიდერებმა, რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა კი „ქართული ოცნების“ კანონი მოიწონა.
Print Email
FaceBook Twitter Google
Bu kateqoriyaya aid digər xəbərlər