პროკურატურის განცხადებით, ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიისა და
საკრებულოს თანამშრომლებს შორის მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების
ფაქტზე
3 პირს ბრალდება წარუდგინეს. ყვარლის მერის მოადგილე, საკრებულოს
თავმჯდომარე და მისი ძმა 11 ნოემბერს დააკავეს.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით
დადგინდა, რომ 8 ოქტომბერს, ქალაქ ყვარელში, ყვარლის მუნიციპალიტეტის
მერის მოადგილემ ლევან გელაძემ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ყვარლის
მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ძმას – ნიკა ზაუტაშვილს.
აღნიშნულის შემდეგ დროის მოკლე პერიოდში გივი და ნიკა ზაუტაშვილებმა
ჯგუფურად ფიზიკურად იძალადეს ლევან გელაძეზე“, – წერია
განცხადებაში.
უწყების ცნობით, ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს და
მის ძმას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე
მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ძალადობა, ჩადენილი
ჯგუფურად) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 2 წლამდე
თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ყვარლის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეს ბრალდება საქართველოს
სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (ძალადობა,
ორი ეპიზოდი) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 1 წლამდე
თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.