აშშ-ის ახალი სანქციების პროექტი კრემლის ნავთობის შემოსავლების შეზღუდვას ისახავს მიზნად
შეერთებულ შტატებში მზადდება ახალი სანქციები, რომლებიც რუსეთის ნავთობის ექსპორტს – კრემლის მთავარ ფინანსურ საყრდენს – შეეხება. საკანონმდებლო ინიციატივა კონგრესში ორივე პარტიის წარმომადგენლებმა წარადგინეს.

11 თებერვალს ტეხასელი რესპუბლიკელი კონგრესმენმა მაიკლ მაკკოლმა წარადგინა კანონპროექტი სახელწოდებით „რუსეთის ნავთობის შემოსავლების შემცირების აქტი 2026“ – ე.წ. DROP Act. პროექტი ითვალისწინებს მიზნობრივ სანქციებს ნებისმიერი უცხო პირისა თუ ორგანიზაციის მიმართ, რომელიც მონაწილეობს რუსული ნედლი
ნავთობისა და ნავთობპროდუქტების შეძენაში, იმპორტში ან ამ პროცესის ორგანიზებაში.

კანონპროექტის მიზანია არსებული სანქციების რეჟიმში არსებული ხარვეზების აღმოფხვრა და მოსკოვისთვის უკრაინაში მიმდინარე ომის დაფინანსების შესაძლებლობების შეზღუდვა.

„რუსეთის ენერგეტიკა კრემლის სამხედრო მანქანის გულია. DROP აქტი ამ მთავარ შემოსავლის წყაროს გააშრობს,“ – განაცხადა მაკკოლმა.

„ჩრდილოვანი ფლოტის“ სქემის წინააღმდეგ
მას შემდეგ, რაც რუსეთმა 2022 წელს უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომი დაიწყო, დასავლეთის ქვეყნებმა მოსკოვის წინააღმდეგ არაერთი სანქცია დააწესეს და რუსულ ნავთობზე ფასის ზედა ზღვარი განსაზღვრეს.

თუმცა, მოსკოვი იყენებს ე.წ. „ჩრდილოვან ფლოტს“ – მოძველებულ ტანკერებსა და რთულ მესამე მხარის სქემებს, რათა ნავთობი საერთაშორისო ლიმიტზე მაღალი ფასით გაყიდოს. DROP აქტი სწორედ ამ მექანიზმების პირდაპირ მიზანში ამოღებას ითვალისწინებს.

ინიციატივის ავტორების განცხადებით, კანონპროექტი გაამკაცრებს შეზღუდვებს რუსეთის ორი მსხვილი ნავთობკომპანიის მიმართ და დახურავს იმ სამართლებრივ ხვრელებს, რომლებიც ზოგიერთ მყიდველს საერთაშორისო ლიმიტზე მაღალი ფასის გადახდის საშუალებას აძლევს.

„დაგვიანებული, მაგრამ აუცილებელი ნაბიჯი“
უკრაინის საკითხებზე კონგრესის კოკუსის თანათავმჯდომარე მარსი კაპტური კანონპროექტის მორალურ მხარეზე ამახვილებს ყურადღებას.

„თუ რუსული ნავთობის ვაჭრობაში მონაწილეობ, პუტინის უკანონო ომს აფინანსებ,“ – განაცხადა მან და ნავთობის შემოსავლების შეზღუდვა „დიდი ხნის წინ საჭირო ნაბიჯად“ შეაფასა.

ატლანტიკური საბჭოს ევრაზიის ცენტრის დირექტორის მოადგილე შელბი მაგიდიც ინიციატივას „მნიშვნელოვან და დროულ ნაბიჯად“ მიიჩნევს. მისი თქმით, ეს კანონპროექტი უკრაინის მიმართ ორპარტიულ მხარდაჭერას ადასტურებს. მაგიდმა ასევე აღნიშნა, რომ 2025 წელი უკრაინის მშვიდობიანი მოსახლეობისთვის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე იყო, განსაკუთრებით ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე განხორციელებული თავდასხმების გამო.

თუმცა ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ კონგრესში ორპარტიული მხარდაჭერა კანონპროექტის ავტომატურ მიღებას არ ნიშნავს. აშშ-ის უკრაინის ეკონომიკური აღდგენის ყოფილი სპეციალური წარმომადგენლის მოადგილის, ტაისონ ბარკერის თქმით, კონგრესის ხელმძღვანელობა შესაძლოა ადმინისტრაციის თანხმობის გარეშე დოკუმენტის განხილვაზე ფრთხილად იყოს.

„ყველაზე გადამწყვეტი ნაბიჯი იქნებოდა ადმინისტრაციის მკაფიო მხარდაჭერა ამ კანონმდებლობის მიმართ,“ – განაცხადა ბარკერმა.

წყარო: azadliq.org
Print Email
FaceBook Twitter Google
Bu kateqoriyaya aid digər xəbərlər