გიგა ბოკერია - პუტინის რუსეთი არის საქართველოს მტერი
ეს დღე არის ტრაგიკული დღე, ბოლო აქტიური და მასშტაბური აგრესიის დღე საქართველოს უახლოეს ისტორიაში ჩვენი ჩრდილოელი მეზობლისგან, რომელიც უკვე რამდენიმე ასეული წელია ჩვენი თავისუფლების საფრთხეა, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ მუხათგვერდის ძმათა სასაფალაოზე, აგვისტოს ომიდან 12 წლისთავთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.

ბოკერიას თქმით, „პუტინის რუსეთი“ საქართველოს მტერია და აგრძელებს საოკუპაციო ხაზის გადმოწევას, საქართველოს მოქალაქეების გატაცებასა და მკვლელობას.

„დღეს არის დღე, როდესაც პატივი უნდა მივაგოთ იმ ხალხს, რომელმაც საკუთარი სიცოცხლე შესწირა იმას, რომ ჩვენ დღეს თავისუფალ ქვეყანაში ვცხოვრობთ, არაოკუპირებულ საქართველოში. მათმა თავგანწირვამ, ქართულმა საზოგადოებამ და შემდეგ დაგვიანებულად, მაგრამ მაინც, თავისუფალი სამყაროს პრინციპულმა მხარდაჭერამ შეგვინარჩუნა ჩვენ სახელმწიფოებრიობა. ჩვენი, ყველას ვალია, რომ ამ მონაპოვარს გავუფრთხილდეთ და გვესმოდეს, რომ ვერ მოიტყუებ თავს, რომ მტერს მტერი არ დაუძახო.

პუტინის რუსეთი არის საქართველოს მტერი და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ თავიდან ავიცილოთ შემდეგში ფართომასშტაბიანი ომი, მაგრამ პირველ რიგში, თავიდან ავიცილოთ საფრთხე ჩვენი სახელმწიფოებრიობისთვის და თავისუფლებისთვის. ამისთვის გვჭირდება სიმტკიცე და საზოგადოების ერთიანობა, როცა საქმე მიდის ჩვენი სამშობლოს თავისუფლების დაცვაზე“,
- განაცხადა გიგა ბოკერიამ.

ცნობისთვის, რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომიდან 12 წელი გავიდა.

წყარო: ინტერპრესნიუსი
Print