ზუგდიდში ბანკზე თავდამსხმელი ბადრი ესებუაა – შსს
21 ოქტომბერს ზუგდიდში, “საქართველოს ბანკზე” თავდამსხმელი ბადრი ესებუაა. ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ვლადიმერ ბორცვაძემ ზუგდიდში სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

პოლიციის მიერ საგამოძიებო კომპლექსური და სამძებრო ღონისძიებების შედეგად, თავდასხმაში მონაწილე იდენტიფიცირებული პირია 1988 წელს დაბადებული ბადრი ესებუა. მისი ადგილსამყოფელის დადგენისა და დაკავების მიზნით პოლიცია სპეციალურ ოპერატიულ სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებებს აქტიურად განაგრძობს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ტერორისტულ აქტს, მძევლად ხელში აგდებას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს. შინაგან საქმეთა სამინისტრო ფაქტთან დაკავშირებით ინფორმაციას ეტაპობრივად გაავრცელებს”, – განაცხადა ბორცვაძემ.

მისი თქმით, თავდამსხმელის იდენტიფიცირება იმავე ღამეს მოხდა და სამინისტრომ დაიწყო შესაბამისი ღონისძიებების ჩატარება მისი ადგილსამყოფელის დადგენის მიზნით. ვლადიმერ ბოცვაძის ინფორმაციით, ესებუა დაკავებული არ არის.

ბრიფინგზე ბორცვაძემ ასევე განაცხადა, რომ ტყუილია ინფორმაცია, თითქოს სამართალდამცველებმა ესებუა დააკავეს და მან გაქცევა მოახერხა.

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ზუგდიდის მომხდარი თავდასხმის ბრალდებით ბადრი ესებუას ეძებდნენ, “მთავარმა არხმა” 25 ოქტომბერს გაავრცელა. ამის გამო ტელეარხი გააკრიტიკა შს მინისტრის მოადგილემ:

“საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ 25 ოქტომბერს გავრცელებული განცხადების და მასში აღნიშნული მოწოდების მიუხედავად, გარკვეულმა მედიასაშუალებებმა ზუგდიდში, “საქათველოს ბანკის” ფილიალზე თავდასხმაში იდენტიფიცირებული პირის ფოტოების და ვინაობის შესახებ ინფორმაცია გაავრცელეს იმაზე ადრე, ვიდრე ამას სამინისტრო დაადასტურებდა. კიდევ ერთხელ მინდა მივმართო ყველას, რომ მსგავსი სიმძიმის დანაშაულზე ინფორმაციის მიზანმიმართულად გავრცელება ინტენსიური ოპერატიული ღონისძიებების პარალელურად, ხელს უშლის გამოძიების პროცესს, მიმდინარე და დაგეგმილ საპოლიციო ღონისძიებებს”,
– განაცხადა ბორცვაძემ.

ზუგდიდში, “საქართველოს ბანკის” შენობაში ნიღბიანი და შეიარაღებული პირი 21 ოქტომბერს შეიჭრა. მას რამდენიმე საათის განმავლობაში მძევლად ჰყავდა აყვანილი მოქალაქეები, მათი გათავისუფლების სანაცვლოდ კი 500 ათას აშშ დოლარს და უსაფრთხოების გარანტიებს ითხოვდა.

თანხის გადაცემის შედეგ თავდამსხმელმა 3 მძევალთან ერთად, რომელთა შორის იყო სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი ავთანდილ გალდავა, ბანკის შენობა დატოვა. რამდენიმე საათის შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ყველა მძევალი, მათ შორის, ავთანდილ გალდავაც, გათავისუფლებული იყო. არცერთ მათგანს დაზიანებები არ აღენიშნებოდა და მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრებოდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გუშინ, 25 ოქტომბერს განაცხადა, რომ თავდამსხმელი იდენტიფიცირებული იყო და მისი ადგილსამყოფელის დადგენის და მისი დაკავების მიზნით სპეციალური ოპერატიული, საგამოძიებო და სამძებრო მოქმედებები ამ დრომდე აქტიურად მიმდინარეობს.

Print Email
FaceBook Twitter Google
Bu kateqoriyaya aid digər xəbərlər