საშუალო VS მედიანური ხელფასი - სხვაობამ 32%-ს გადააჭარბა
2024 წელს საქართველოში დაქირავებით დასაქმებულთა მედიანური ხელფასი გასულ წელთან შედარებით 7.6 პროცენტით გაიზარდა და 1 332 ლარი შეადგინა. 2024 წელს მედიანური ხელფასი საშუალო თვიურ ხელფასზე 32.4 პროცენტით ნაკლებია - ამის შესახებ აღნიშნულია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებში. აღსანიშნავია, რომ 2023 წელს ეს სხვაობა 29.9%-ს შეადგენდა.

ამასთან, საქსტატის მონაცემებით საქმიანობების სახეების მიხედვით, 2024 წელს, ყველაზე მაღალი მედიანური
ხელფასი დაფიქსირდა შემდეგ დარგებში:
  • სახელმწიფო მმართველობა და თავდაცვა; სავალდებულო სოციალური უსაფრთხოება - 2 128ლარი;
  • სამთომოპოვებითი მრეწველობა და კარიერების დამუშავება - 2 069 ლარი;
  • ინფორმაცია და კომუნიკაცია - 1 983 ლარი;
  • მშენებლობა - 1 943 ლარი;
  • საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები - 1 919 ლარი.
საქსტატის მონაცემებითვე, 2024 წელს მედიანური ხელფასი საშუალო თვიურ ხელფასს ყველა სექტორში ჩამორჩება.

ცნობისთვის, საქსტატი, როგორც წესი, აქვეყნებდა ხელფასების საშუალო თვიურ მონაცემებს. საშუალო ხელფასი წარმოადგენს საშუალო არითმეტიკულს და რიგ შემთხვევებში, საქართველოში დასაქმებულთა ანაზღაურება ამ მაჩვენებლისაგან არსებითად განსხვავდება. მოქალაქეთა ნაწილის ანაზღაურება გაცილებით მეტია, ნაწილის კი - გაცილებით ნაკლები.

შესაბამისად, ექსპერტების მოსაზრებით, საშუალო ხელფასს “მედიანური ხელფასი” უკეთესად ასახავს. მედიანა ზრდადობის მიხედვით დალაგებული მონაცემების შუაში მოქცეული რიცხვია. შესაბამისად, თუ საწარმოში 5 ადამიანი მუშაობს, საიდანაც უფროსის ხელფასი 3 000 ლარია, ხოლო თანამშრომლების - 500-500 ლარი, მედიანურად დათვლის შემთხვევაში, მედიანური ხელფასი - 500 ლარი, საშუალო არითმეტიკულის გაანგარიშებით კი თანამშრომლის საშუალო ხელფასი 1 000 ლარი გამოდის.

წყარო: BPN
Print Email
FaceBook Twitter Google
Bu kateqoriyaya aid digər xəbərlər