„უშიშროება უნდა დაიკეტოს და გაიხსნას დისკოთეკა“ – მიხეილ სააკაშვილი
„მთლიანად უნდა გაუქმდეს სახელმწიფო უშიშროების სამსახური, გაუქმდეს უნდა, დაიკეტოს, დიდი ბოქლომი დაიკიდოს, დისკოთეკა გაიხსნას მაგის ადგილას, თუ ვინმეს მოსწონს ეგეთ ადგილზე გართობა და მთლიანად უნდა გამოიცვალოს,“ – აღნიშნა დღეს, 2 დეკემბერს, სასამართლო პროცესზე მიხეილ სააკაშვილმა. მას გამოძიება სახელმწიფოს კუთვნილი ქონების გაფლანგვას ედავება.

მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესზე ვრცლად შეეხო სახელმწიფო მოწყობის საკითხს. მისი თქმით, მაგალითად, არჩევითი უნდა იყოს პოლიციის ხელმძღვანელი პირები.

„მაგალითად, არჩეული შერიფები უნდა ჰყავდეს წალენჯიხას ან ბათუმს და მერე ასე ვეღარ იქნება, როცა ახლა ვიღაცების დასარბევად ოზურგეთიდან ჩაჰყავთ სპეცრაზმი,“ – თქვა მან.

ექსპრეზიდენტის თქმით, „მთლიანად უნდა შეიცვალოს სასამართლო სისტემა“ და უვადოდ მოსამართლეები არ უნდა ინიშნებოდნენ. ის ასევე საჭიროდ მიიჩნევს უცხოელი მოსამართლეების მოწვევას.

გამოძიების ვერსიით, სააკაშვილსა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მაშინდელ უფროსს შორის დადებული შეთანხმების, ასევე, სააკაშვილის მიერ გაცემული დავალების შესაბამისად, 2009-2013 წლებში სახელმწიფოს კუთვნილი 8 837 461 ლარი გაიფლანგა.

წყარო: batumelebi.netgazeti.ge
Print