აქციის ნაცვლად სახლში - მარნეულელი მასწავლებლები ფლეშმობს შეუერთდნენ
გულგუნ მამედხანოვა, ნატალი სამხარაძე, აიშან გიზბაშლი, თემურ სუყაშვილი, ანარ შარიფოვი, აიტენ ჯაფაროვა- ესენი მარნეულში მომუშავე მასწავლებლები არიან, რომლებიც დღეს ქართული ოცნების მიერ დაგეგმილ აქციაზე არ მიდიან, არც გაკვეთილს აცდენენ და ღიად უჭერენ მხარს საქართველოს ევროპულ მომავალს. პედაგოგები სხვადასხვა მუნიციპალიტეტებიდან 29 აპრილს, სოციალურ ქსელში აქვეყნებენ ფოტოებს, რომ ისინი სკოლაში არიან და არას ეუბნებიან რუსულ კანონს. ერთგვარ "ფლეშმობს" უერთდება
მარნეულელი პედაგოგების ნაწილი.

"მე შვებულებაში ვარ და არავის არაფერი არ უთქვამს აქციასთან დაკავშირებით. თუმცა თავი ვალდებულად ვიგრძენი დღეს და კიდევ ერთხელ საჯაროდ გავაზიარე ჩემი პოზიცია, რათა ხვალ თავისუფლებაზე საუბრისას არ მრცხვენოდეს ჩემი მოსწავლეების" - გვითხრა ქართული ენის მასწავლებელმა, აიშან გიზბაშლიმ. 

"ბავშვებმა მკითხეს, მას თქვენც მიდიხართ აქციაზეო? და ვუპასუხე რომ გუშინ იყო აქცია, სადაც ნახევარი საქართველო იდგა და სხვა აქცია მე არ ვიცოდი. ერთმა გოგონამ ჩაილაპარაკა, მას თქვენ ევროპა გინდათო და ბედნიერად გამიღიმა. კი, ევროპა მინდა! ყველას მომავლისთვის ასე იქნება ყველაზე კარგი." - გვითხრა ქართული ენის კიდევ ერთმა პედაგოგმა. 

სოციალურ ქსელში ფოტოებს ავრცელებს მარნეულში მომუშავე კიდევ ორი პედაგოგი, თემურ სუყაშვილი და გუგლგუნ მამედხანოვა. 

„ქართულმა ოცნებამ“ 29 აპრილს პარლამენტთან რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის კონტრაქცია დაანონსა. კონტრაქციაზე წასვლას აიძულებენ მარნეულის ბაგა-ბაღებსა და სკოლებში დასაქმებულებს, რასათან დაკავშირებითაც რადიო „მარნეულს“ ინფორმაცია არაერთმა პედაგოგმა მიაწოდა.


„ქართული ოცნება“ კიდე ერთხელ აპირებს რუსული კანონის მიღებას, რომელიც 2023 წლის მარტში მასობრივი პროტესტის შედეგად უკან გაიწვიეს. „ქართულმა ოცნებამ“ გასულ წელს დადო პირობა, რომ რუსულ კანონს აღარ დაუბრუნდებოდნენ, მაგრამ პირობა დაარღვია. ქართულმა ოცნებამ კანონპროექტის პირვანდელი ფორმულირებიდან მხოლოდ სიტყვა "აგენტი" ამოიღო და ის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით შეცვალა.
კანონის მიხედვით, ყველა არასამთავრობო და მედიაორგანიზაცია, რომლის შემოსავლების 20%-ზე მეტი უცხოეთიდან არის მიღებული უცხოური ძალია ინტერესების გამტარებლად ჩაითვლება. სახელმწიფო არ გამოიკვლევს თუ რას საქმიანობენ და რა მიზნებს ემსახურებიან ეს ორგანიზაციები და მათ ყველას უცხოური ძალის ინტერესის გამტარებლად შერაცხავს.
კანონი მიმართულია ევროპასა და ამერიკისაგან შემოსულ დაფინანსებებზე და არა მტრულად განწყობილი ქვეყნებიდან შემოსულ დაფინანსებებზე, როგორც ეს ცივილიზებულ ქვეყნებშია.
კანონის ინიცირების გამო შეშფოთება გამოთქვეს ევროკავშირის წევრმა და საქართველოს მეგობარი ქვეყნების ლიდერებმა, რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა კი „ქართული ოცნების“ კანონი მოიწონა.
Print Email
FaceBook Twitter Google
Bu kateqoriyaya aid digər xəbərlər