კვლევა | მოსახლეობის უმრავლესობა NATO-ში გაწევრიანებას ემხრობა, სამხედრო ნეიტრალიტეტს 21% უჭერს მხარს
„საქართველოში ინფორმაციის სანდოობის ხელშეწყობის პროგრამის” ფარგლებში Zinc Network-ის დაკვეთითა და USAID-ის ფინანსური დახმარებით CRRC-მა საზოგადოებრივი აზრის კვლევა ჩაატარა.

კვლევის მიზანი იყო, საზოგადოების დეზინფორმაციის მიმართ მოწყვლადობის შეფასება. ასევე იკვლიეს დასავლეთთან იტეგრაციის მიმართ მოსახლეობის განწყობა. მოსახლეობას კითხვები შიდა პოლიტიკურ საკითხებზეც დაუსვეს.

დამოკიდებულებები დასავლეთთან ინტეგრაციასთან მიმართებით

მოსახლეობის უმრავლესობა ევროკავშირში გაწევრიანების მომხრეა. ევროკავშირში გაწევრიანებას მხარს უჭერს 72%, 13% ეწინააღმდეგება, 8%-ისთვის სულერთია.

მოსახლეობის ის ნაწილი, რომელიც ემხრობა ევროკავშირში გაწევრიანებას მთავარ მოტივაციად უკეთეს ეკონომიკურ პირობებს ასახელებს.

მოსახლეობის 13%, რომელიც არ ემხრობა ევროკავშირში გაწევრიანებას. ამბობს, რომ მიზეზი ტრადიციების და დამოუკიდებლობის დაკარგვის შიშია.


რას ფიქრობს მოსახლეობა ნატოში გაწევრიანებაზე?

მოსახლეობის უმრავლესობა – 59% – ნატოში გაწევრიანებას უჭერს მხარს, 21% სამხედრო ნეიტრალიტეტის მომხრეა. რუსეთის ხელმძღვანელობის ქვეშ მყოფ კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაში გაწევრიანების მომხრე 9%-ია.

სამხედრო ნეიტრალიტეტის გამოცხადების მსურველები ნატოში გაწევრიანებას არარეალურად თვლიან და რუსეთთან ურთიერთობის გაუარესების ეშინიათ.


კვლევის მეთოდოლოგია:

CRRC საქართველომ ჩაატარა 3,024 პირისპირ ინტერვიუ ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე (მეთოდოლოგია: CAPI, გამოპასუხება: 33%).

გამოკითხვა განხორციელდა 2021 წლის 16 ნოემბრიდან 14 დეკემბრამდე, შესაბამისად შედეგები ასახავს საზოგადოებრივ განწყობებს უკრაინაში ომამდე.

გამოკითხვის შედეგები წარმომადგენლობითია საქართველოს მთლიანი მოსახლეობისთვის, ოკუპირებული ტერიტორიების გარდა.

ცდომილების საშუალო ზღვარი: +-1.7% (იცვლება სხვადასხვა კითხვის მიხედვით). ზოგ შემთხვევაში, პასუხების ჯამი შესაძლოა არ იყოს 100%, დამრგვალების გამო „უარი პასუხზე“ არცერთ შემთხვევაში აღემატება 1%ს, ამიტომ მოხდა „არ ვიცი“ და „უარი პასუხზე” დაჯამება

კვლევის მთავარი მიგნებები:
  • გამოკითხულთა უმრავლესობა ევროკავშირში გაერთიანებას უჭერს მხარს, რისი ძირითადი მოტივაციაც ეკონომიკური კეთილდღეობაა. ევროკავშირის მოწინააღმდეგეთა მთავარი მოტივატორი ტრადიციების დაკარგვის შიში, რუსეთთან ურთიერთობების გაფუჭება და მიგრაციის საფრთხეებია.
  • უმრავლესობა თვლის, რომ დღესდღეობით, დეზინფორმაცია საქართველოში მნიშვნელოვანი პრობლემაა, მაგრამ არ იცის, როგორ იქმნება და ვრცელდება ის, და არც მისი გადამოწმება შეუძლია.
  • გამოკითხულთა დიდი ნაწილი საბჭოთა კავშირს ნოსტალგიით იხსენებს, თუმცა ამავდროულად აღიარებს მის ნაკლებსაც. ანალოგიურად, უმეტესობა სტალინით ამაყობს, მაგრამ აღიარებს, რომ ის იყო ტირანი, პასუხისმგებელი მრავალი უდანაშაულო ადამიანის სიკვდილზე.
  • გამოკითხულთა უმრავლესობას სურს საქართველოს NATO-ში გაწევრიანება, უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით. თუმცა ნაწილის აზრით, ეს ნაკლებად რეალურია, და გამოიწვევს რუსეთის გაღიზიანებას.
  • მოსახლეობის უმეტესობა თვლის, რომ ტრადიციების და ღირებულებების შენარჩუნების საუკეთესო გზა დასავლეთთან ინტეგრაციაა. ამავდროულად, მოსახლეობის 20%-ის აზრით, რუსეთთან პარტნიორობის შემთხვევაში, ტრადიციები უკეთ იქნება დაცული.
  • ტერიტორიული მთლიანობისთვის მთავარ საფრთხედ რუსეთი მიიჩნევა. ამასთან, ბევრი ფიქრობს, რომ რუსეთის განაწყენებისგან თავის შეკავებაა საჭირო, ვაჭრობის და ტურისტების ნაკადის შესანარჩუნებლად.

წყარო: პუბლიკა
Print Email
FaceBook Twitter Google
Bu kateqoriyaya aid digər xəbərlər